მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

2024-07-05 12:43:52

78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე.

ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.

1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია;

ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, 3 წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის „ღამის სერენადების“ ორგანიზატორი.

მუსიკოს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1998 – ღირსების ორდენი; მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; 1979 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1974 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1970 – სიბელიუსის სახელობის კონკურსი(ჰელსინკი), I პრემია; 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, III პრემია (მოსკოვი); 1965 – მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, I პრემია (პარიზი); 1961 – მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, II პრემია 1957 – ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი ( I კონკურსი); 1956 – რესპუბლიკის ფესტივალი, I პრემია საპატიო ნიშნის ორდენი.