რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოში რიგგარეშე სხომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ "ქართული ოცნების" დეპუტატი მარი ლიპარტელიანი აირჩიეს.
ლიპარტელიანს სხდომაზე მყოფი 20 დეპუტატიდან ფარული კენჭისყრის შედეგად მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა.
დეპუტატებმა სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელად "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი დეპუტატი ლელა ლუარსაბიშვილი აირჩიეს.
სხდომას არ ესწრებოდნენ და შესაბამისად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქციებს "გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციაონალურ მოძრაობას".
"გახარია საქართვრლოსთვის" დეპუტატმა "ინფო რუსთავს" განუმარტა, რატომ არ ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომას: "დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წინა სხდომების მსგავსად, ვიხილეთ განაცებული „ოცნების“ მიერ, ერთპარტიული მმართველობის გამყარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები - მოადგილის და კომისიის თავმჯდომარის პოზიციებზე „ოცნების“ დეპუტატების არჩევის სახით. ამ პროცესს სწორედ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ - თითქოსდა ფრაქციიდან გარიცხულმა სამმა წევრმა და ნაციონალური მოძრაობიდან ლელოში გადასულმა ორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც მოსალოდნელი იყო და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.
ჩვენმა გუნდმა არ მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში, ვინაიდან, რუსთაველი ხალხის არჩევანი საკრებულოში ოპოზიციის უმრავლესობით არსებობა და არა „ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა გახლდათ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მოსყიდვებისა და მათთან ერთობის ხარჯზე მოახერხა ოცნებამ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში არ მივიღებდით მონაწილეობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ფრაქციისთვის ამ არჩევნების შესახებ მხოლოდ დღეს, საკრებულოს სხდომის წინ გახდა ცნობილი. საკრებულოდან ჩვენთვის არ უცნობებიათ, რომ დღეს ამ საკითხების განხილვა უნდა მომხდარიყო და არ შემოუთავაზებიათ კანდიდატის დასახელების შესაძლებლობის თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის, მათ შორის ლელოსა და „ოცნების“ წინასწარ დაგეგმილ, მიზანმიმართულ მოქმედებას.
აქვე, მინდა გამოვეხმაურო ნაციონალური მოძრაობის 11 წევრის ბოიკოტს საკრებულოში. მათი რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობის მიუღებლობა, კვორუმისა და გადაწყვეტილების პროცესში, უმრავლესობას - ქართულ ოცნებას ანიჭებს და ასეთ შემთხვევაში, სხვა პარტიების მონაწილეობა ვერაფერს ცვლის. იმ შემთხვევაში, თუ გაივლის რეგისტრაციას ეს 11 დეპუტატი და შემდგომ არ მიიღებს განხილვის პროცესში მონაწილეობას ან ყველა საკითზე იქნება წინააღმდეგი, ეს შეცვლის გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმას, რომ მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატების ხმა არ იქნება საკმარისი და სხვა პარტიების დეპუტატებსაც მოუწევთ მონაწილეობა. ცხადია, ეს ყველაფერი მათთვის ცნობილია და შეგნებულად არ მოდიან სხდომაზე რეგისტრაციის გასავლელად, რაც, ცალსახად, მათი მხრიდან ოცნების თამაშში მონაწილეობაა, რადგან მათ საკმარისი ხმები რჩებათ გადაწყვეტილებების მისაღებად".
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები კი ბოიკოტის რეჟიმზე არიან და მონაწილეობას არ იღებენ საკრებულოს სხდომებში.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს რუსთავის საკრებულომ თავმჯდომარეს ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტი მოუწყო და თანამდებობიდან გადააყენა, თანამდებობიდან გადააყენეს მისი ორი მოადგილე "ენმ-დან" თინა ლოცულაშვილი და "რუსთავი საქართველოდან" ზაზა ჯაიანი. მესამე მოადგილე ალექსანდრე ბერიძე კი თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.