იცოდი? - ვინ და როდის დააარსა რუსთავის მუზეუმი, სადაც 40 000-მდე არტეფაქტი ინახება

2024-06-01 12:45:31

იცოდი? - ვინ და როდის დააარსა რუსთავის მუზეუმი, სადაც 40 000 არქეოლოგიური მასალა ინახება.

შესაძლოა, რუსთაველების დიდი ნაწილი ერთხელ მაინც ნამყოფია რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, სადაც გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული ქალაქში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ათასობით არტეფაქტი ინახება, თუმცა არ იცოდეთ მისი დაარსების ისტორია.

1944-1948 წელს რუსთავის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრების ჩატარების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ქალაქი ძალიან დიდ ისტორიას ინახავდა, რომელიც გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტებით დასტურდებოდა. ექსპედიციების დროს აღმოჩენილი განათხარი მასალა ივანე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საცავებში ინახებოდა. 1949 წელს ინსტიტუტმა რუსთავის ინტენსიური კვლევა-ძიება დაიწყო და მას სათავეში ცნობილი არქეოლოგი უფროსი მეცნიერ თანამშრომელი გიორგი ლომთათიძე ჩაუდგა.

სწორედ მისი ინიციატივით მოხდა რუსთავში ისტორიული მუზეუმის დაარსება.

1950 წლის 20 ივლისს საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კულტსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმეთა კომიტეტის N373 ბრძანებით შეიქმნა რუსთავის მხარეთმცოდნეობის ისტორიული მუზეუმი.

ლომთათიძის რეკომენდაციითვე მუზეუმის პირველ დირექტორად რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი თამარ პაატიშვილი დაინიშნა.

მუზეუმი თავდაპირველად დროებით ხის ერთსართულიან ნაგებობაში იყო განთავსებული. მისთვის შესაბამისი შენობის ძიება მუზეუმის ხელმძღვანელობამ მალევე დაიწყო და იპოვეს კიდეც.

მუზეუმისთვის შესაფერისი შენობა ოდიშარიას ქუჩაზე მდებარე აგურით ნაშენები არქიტექტურულად გამორჩეული სახლი აღმოჩნდა, რომელშიც მანამდე ქალაქკომის მდივანს გიორგი ზედგინიძეს უნდა ეცხოვრა.


ამ სახლზე ჩვენ "იცოდის" ერთ-ერთ ნაწილში უკვე ვისაუბრეთ.

1944-1948 წლებში არქეოლოგიური გათხრების დროს შეგროვებული მასალა 1952 წელს რუსთავის მუზეუმს არქეოლოგიური ექსპოზიციის მოსამზადებლად გადაეცა. მუზეუმის თანამშრომლებმა გულდასმით შეისწავლეს მასალა, რის შემდეგაც შეიმუშავეს არქეოლოგიური გამოფენის თემატური და საექსპოზიციო გეგმის პროექტი.

ამ გეგმის მიხედვით შექმნილ ექსპოზიცია მუზეუმის პირველი სართული დაეთმო.

რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ოფიციალურად 1953 წელს გაიხსნა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები