იცოდი? - რუსთავში არქიტექტურულად გამორჩეული 3 სახლის ისტორია.
რუსთავში მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ბარათაშვილის, ოდიშარიასა და ბალანჩივაძის ქუჩაზე არქიტექტურულად სამი ერთმანეთის მსგავსი და სხვებისგან გამორჩეული ერთ-ერთი პირველი ქვით ნაშენები საცხოვრებელი ტიპის შენობა აშენდა.
დღეს ოდიშარიას ქუჩაზე არსებულ შენობაში რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმია, ბალანჩივაძეზე სკაუტური ცენტრი, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა კი კერძო საკუთრებაშია.
ვფიქრობ, საინტერესოა, ვიცოდეთ, რა მიზნით აშენდა ყველასგან გამორჩეული სამი შენობა მაშინ ძველ რუსთავში.
მშენებლობის დაწყებამდე სამივეს დანიშნულება ცნობილი იყო, მასში იმ დროისთვის რუსთავში ავტორიტეტულ პირებს უნდა ეცხოვრათ.
ასეთი ავტორიტეტული პირები კი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი, ნიკო გომელაური, ამიერკავკასიის მეტალურგმშენის დირექტორი გიორგაძე და რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, გიორგი ზედგინიძე იყვნენ.
მშენებლობები სახელმწიფოს ხარჯზე მიმდინარეობდა და ამ ამბის გახმაურების შემდეგ ზემოთ ხსენებულ პირებს საშუალება აღარ მიეცათ, რომ ეს სახლები პირად საკუთრებაში ჰქონოდათ.
შენობა, რომელშიც გიორგი ზედგინიძეს უნდა ეცხოვრა, 1950 წელს რუსთავის მუზეუმს გადაეცა.
ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი კი ნიკო გომელაურის უნდა ყოფილიყო. თუმცა სხვა დატვირთვა შეიძინა, აქ ისვენებდნენ მეტალურგიულ ქარხნის თანამშრომლები, რის გამოც ის ცნობილი იყო როგორც "სტუმართა სახლი".
ბალანჩივაძის ქუჩის სახლი კი გიორგაძის უნდა ყოფილიყო. ახლა ამ შენობაში სკაუტური ცენტრია.