რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის გიორგი ფირაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.
როგორც "ინფო რუსთავს" დაკავებულის ადვოკატმა, არჩილ ცაგურიამ განუცხადა, ახალგაზრდა კაცი შოკურ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, გამოკითხვისას საუბარზე უარი თქვა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ.
"დანაშაულის ჩადენისთანავე თვითონ დარეკა 112-ში, გამოიძახა პოლიცია და დახვდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა, რომ გადაიყვანეს პოლიციაში, შოკურ მდგომარეობაში იყო, საუბრის სურვილი არ ჰქონდა და მაგიტომ გამოიყენა დუმილის უფლება. ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
ჯერ-ჯერობით საქმის მასალებს არ გავცნობივარ, ბრალის წარდგენის შემდეგ გადმომეცემა", - აცხადებს უფლებადამცველი.
"ინფო რუსთავმა" ადვოკატს ჰკითხა, საქმეს ხომ არ დაემატება მუხლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასთან დაკავშირებით ან იგეგმება თუ არა, 27 წლის ბიჭის ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმება.
"არ არის გამორიცხული, იარაღთან დაკავშირებით დაემატოს მუხლი, თუმცა ბრალის წარდგენის შემდეგ გეტყვით ზუსტად მაგას.
არ იკვეთება ჯერ-ჯერობით, რომ რამე ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ როგორც ვიცი, გამოძიება აპირებს ექსპერტიზის დანიშვნას ამ საკითხზე.
ჩემთანაც დეტალებზე არ უსაუბრია, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. მოტივიც უცნობია, მხოლოდ უფლებები განვუმარტე", - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, მკვლელობა გუშინ დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. დედა-შვილი ქუჩაში იმ დროს მოკლეს, როცა მათ ჩვილი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებიდან მოჰყავდათ.