იცოდი? - სოფლის მეურნეობის რა დარგებს მისდევდნენ რუსთაველები საუკუნეების წინ.
საუკუნეების განმავლობაში, სანამ ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე აქტიურად ცხოვრებდნენ ადამიანები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი იყო განვითარებული. ამაზე არამხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები, არამედ ისტორიულ დოკუმენტებში შემორჩენილი წერილობითი წყაროებიც მეტყველებს.
რუსთავის ტერიტორიაზე განვითარებული იყო მარცვლეულის კულტურა. რუსთავის ნაქალაქარზე სხვადასხვა წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია მარცვლეულის სხვადასხვა ჯიშები. ძველ რუსთაველებს ძირითადად მოჰყავდათ ხორბალი, ქერი და ფეტვი მოჰყავდათ. მეურნეობის ამ დარგის განვითარებას ადასტურებს ქალაქში არსებული არხიც, რომელსაც ძველი რუსთაველები მოსავლის სარწყავადაც იყენებდნენ.
რუსთავში არაერთი ორმოა აღმოჩენილი, რომლებშიც დიდი რაოდენობით ხორბლისა და ქერის მარცვლებია ნაპოვნი. არსებობს მოსაზრება რომ ქერისა და ხორბლის შერევა და მათი ერთად დათესვა ხდებოდა, რათა მოუსავლიანობისგან თავი დაეზღვიათ.
მათი ნარევი ივანე ჯავახიშვილის ცნობით, ხალხში "ქერ-დიკასა" და "ქერ-იფქლას" სახელითაც იყო ცნობილი.
რუსთაველ მეურნეებს დიდი რაოდენობით მოჰყავდათ ბრინჯიც, რაზეც მე-18 საუკუნის წყარო მიგვანიშნებს.
"ითესების ბრინჯი ნაგებში. ინდოს რუზედ თაღარი ოთხმოცი". თაღარი რვა ფუთს უდრის. ე.ი სულ 640 ფუთი ბრინჯი ითესებოდა.
გარდა უშუალოდ მარცვლეული შესანახი ორმოებისა და მარცვლეულის აღმოჩენისა, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი სამუშაო იარაღებია. ერთ-ერთი ასეთი რკინის ნამგალია, რომლითაც ყანის დამუშავება ხდებოდა.
რუსთავში უნდა ყოფილიყო წყლის წისქვილიც, სადაც მარცვლეულის დაფქვა ხდებოდა. არხის ნაპირზე აღმოჩენილია წყლის წისქვილი ქვებიც. ქალაქის ტერიტორიაზე ნაპოვნია ხელსაფქვავებიც.
რუსთავის ტერიტორიაზე არაერთი თონეა აღმოჩენილი.
მარცვლეულის კულტურასთან ერთად რუსთავში კარგად იყო განვითარებული მევენახეობა და შესაბამისად მეღვინეობაც, რომელზე "იცოდის" ერთ-ერთ ნაწილში უკვე ვისაუბრეთ.
რუსთავში არანაკლებად განვითარებული იყო მებოსტნეობა. ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ბოსტნეულის თესლებიც სწორედ ამაზე მიგვითითებს.
არის ვარაუდი, რომ ადგილობრივებს ბამბაც მოჰყავდათ. ბამბის მოსაყვანად არსებული ცხელი კლიმატური პირობები კი ქალაქში ნამდვილად იყო.