შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. ასევე, უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების მიმართ სოციალურ ქსელებში მიმდინარე დევნასთან დაკავშირებით ავრცელებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის თითოეული ფაქტი და გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება შემთხვევებზე ეფექტიანი და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირების მიზნით.
“საქართველოს სახალხო დამცველი გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს. შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. ასევე, უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები.
აღნიშნული ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ღირებულებებს და ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და წარმოშობს ბავშვებისადმი ძალადობის მაღალ რისკს.
სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა დაუყოვნებლივ მოახდინოს თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირება და გააკეთოს ყველაფერი, მათ შორის, გამოიყენოს პრევენციული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს თითოეული არასრულწლოვანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ყოველმხრივი დაცვა.
ამასთან, არასრულწლოვანების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას და თითოეული პირის ვალდებულებას.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვები სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით გარანტირებული აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. არასრულწლოვანებს აქვთ უფლება იყვნენ ინფორმირებულნი, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უკიდურესად დაუშვებელია ამ უფლებით სარგებლობისას ისინი გახდნენ თავდასხმის ადრესატები.
როდესაც არასრულწლოვანები სარგებლობენ შეკრების თავისუფლებით, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით და გაატაროს სათანადო, პრევენციული და დამატებითი ღონისძიებები მათი უსაფრთხოების დასაცავად. კანონით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, რა გავლენა ექნება აღნიშნულს ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის თითოეული ფაქტი და გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება შემთხვევებზე ეფექტიანი და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირების მიზნით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.