რუსთავის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია ალექსანდრე ბერიძემ, ფრაქციის თავმჯდომარე ზურა ბერაძე და ვაჟა მორგოშიამ დატოვა. [ვიდეო/video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ალექსანდრე ბერიძემ განუცხადა, პარტიის დატოვების მიზეზი ენმ-ის ერთ-ერთი დეპუტატის, თინა ლოცულაშვილის ბრალდებები გახდა.
"დღეს გავაკეთეთ სამმა ადამიანმა განცხადება და ვიქნებით დამოუკიდებელი დეპუტატები. ესენი არიან ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვაჟა მორგოშია, ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე ზურა ბერაძე და მე.
მიზეზი არის ის მოვლენები, რაც განვითარდა მე-19 მიკრორაიონში საფეხბურთო სტადიონთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ. მაჟორიტარმა დეპუტატმა ცრუ ბრალდებები წარუდგინა ფრაქციის დეპუტატს, რომ თითქოს რაღაც ინტერესები იყო ამ საფეხბურთო სტადიონთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ის, რომ ბავშვები, მშობლები და ვინც მონაწილეობდნენ ამ აუქციონში პარტიის მიმართ განეწყვნენ უარყოფითად და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ფრაქციაში ვიყავით. უპასუხისმგებლო განცხადების საფუძველზე, რაც თინა ლოცულაშვილმა გააკეთა, უარყოფითი ფონი შეიქმნა. შემდეგ შემოიკრიბა თანამოაზრეები და მოინდომა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ანგარიში გაესწორებინა ფრაქციის თავმჯდომარისთვის. ეს ყველაფერი გავარკვიეთ, რასაც რამდენიმე დღე მოვანდომეთ და გავთავისუფლდით იმ პასუხისმგებლობისგან, რომ ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავთ პარტიის ხელმძღვანელობა, თანამოქალაქეები, ასეთ ადამიანებთან ერთად უაზრო იყო მუშაობის გაგრძელება. იმედია, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ ადამიანებს, ვინც ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, იმ სტადიონზე რა კონფლიქტიც იყო ამოიწურა.
ეს ტენდერი, რაც ჩატარდა იყო გამჭვირვალე. იქ მიიღო ადამიანმა მონაწილეობა, რომელსაც სპორტულ სამყაროში იცნობს და ყველას ნაცნობობა აქვს. აი ამ ფაქტის გამოყენება უნდოდათ მახინჯი ფორმით",- განაცხადა ალექსანდრე ბერიძემ.
ბერიძის განცხადებით, არცერთ პარტიას არ უერთდებიან და საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატებად გააგრძელებენ.
ცნობისთვის, მე-10 სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ მოედანზე გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი საფეხბურთო სკოლა "ფენიქსმა" წააგო, გუნდი ამ მოედანზე 2021 წლიდან მოყოლებული ვარჯიშობდა.
აუქციონთან დაკავშირებით გაჟღერდა რომ, ერთ-ერთი პირი, რომელმაც მასში მონაწილეობა მიიღო, ენმ-ის წევრი, ვაჟა მორგოშია იყო.
ინფორმაცია ვაჟა მორგოშიამ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" უარყო და განაცხადა, რომ აუქციონში მას მონაწილეობა არ მიუღია.
სწორედ აღნიშნულ აუქციონზე საუბრობს ალექსანდრე ბერიძე.