პატრიარქმა სამების ტაძარში იქადაგა

2017-12-17 14:15:17

ბედობის დღეა, ბედნიერი დღეა, ბავშვების დალოცვის დღეა, ამიტომ ბავშვებს უნდა მივაგოთ პატივი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. „ბედობის დღეა, ბედნიერი დღეა, ბავშვების დალოცვის დღეა, ამიტომ ბავშვებს უნდა მივაგოთ პატივი. დღეს ჩვენ ვლოცავთ ბავშვებს და ყოველ მორწმუნე ადამიანს. წმინდა ბარბარე განსაკუთრებული წმინდანია, ის იყო ერთადერთი შვილი, მას ჰყავდა მამა და ის ზრდიდა. მაგრამ მამას არ ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ის არ იყო ქრისტიანი. წმინდა ბარბარემ როცა მიიღო ქრისტიანობა, იწამა ქრისტე, თავის შენობაში გააკეთებინა მესამე ფანჯარა. ამით უნდოდა გამოესახა თავისი დიდი რწმენა წმინდა სამებისა. წამება წმინდა ბარბარესი სამაგალითოა. მისმა მამამ მოჰკვეთა თავი, ყოველმა ადამიანმა თავის გულში უნდა გააკეთოს მესამე ფანჯარა. აი, ეს ტაძარი, წმინდა სამების სახელობისაა და ეს რომ არ ყოფილიყო წმინდა სამებისა, ჩვენ ალბათ ვერ ავაშენებდით ამ ტაძარს. დღეს თქვენი დღესასწაულია ბავშვებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ხალხისთვის“, - ბრძანა პატრიარქმა. უწმინდესმა და უნეტარესმა ბავშვებს მოუწოდა ამბიონზე ასულიყვნენ. მთელი ქადაგების განმავლობაში ბავშვები ამბიონზე მუხლმოდრეკილნი იყვნენ.

პატრიარქმა ქადაგებისას ბავშვების აღზრდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა იღებს ნარკოტიკს, რაც დიდი ცოდვაა. ილია მეორემ ბავშვებს პირობა დაადებინა, რომ ისინი ნარკოტიკს არასოდეს გაეკარებიან. „დღეს მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ბავშვების აღზრდას, ჩვენ ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი - ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა ღებულობს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს არ გაეკარებით ნარკოტიკებს. თანახმა ხართ? თქვით ერთად - თანახმა ვართ. თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი. დღეს მე მინდა ასევე შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, ამას წინათ დიდი უბედურება მოხდა, ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა. ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა“, - ბრძანა პატრიარქმა. კათოლიკოს-პატრიარქმა ბავშვებთან ერთად წარმოთქვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა „მოწყალებისა კარი განგვიღენ კურთხეულო ღვთისმშობელო“, დალოცა უცხოეთში მყოფი ქართველები და ისურვა, რომ ისინი სამშობლოში მალე დაბრუნდნენ.

პატრიარქმა ბავშვებს მოუწოდა ილოცონ, რომ მტკიცე ოჯახები ჰქონდეთ. „მე მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც დგას ქართველი ერის წინაშე არის შობადობა. სტატისტიკა ამბობს, რომ ყოველი მეორე ოჯახი შორდება ერთმანეთს. თქვენ ბავშვებო, ილოცეთ, რომ გქონდეთ მტკიცე ოჯახი. მტკიცე ოჯახი ბედნიერებაა ადამიანისთვის. მტკიცე ოჯახი ეს არის სიხარული, სიყვარული, სიმტკიცე. სახლში რომ მიხვალთ, ასხურეთ სახლს ნაკურთხი წყალი, ეზოსაც და ეს ლოცვა წაიკითხეთ „მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო“. თუ არ იცით ზეპირად, გადაწერეთ და ჯიბეში იქონიეთ“, - ბრძანა პატრიარქმა.