სწორ კვებასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს, რომლებიც საზოგადოების დაბნეულობას იწვევს და ხშირად ადამიანების მიერ არასწორი გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი ხდება.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია - მითი მარილის შესახებ, რომლის თანახმადაც, მარილი ორგანიზმისთვის საზიანოა და კვების რაციონიდან სრულად უნდა ამოვიღოთ.
მეცნიერული კვლევების მიხედვით, რომლებიც ამ მითს უპირისპირდება, მარილი მნიშვნელოვანი მინერალია და ორგანიზმში მისი რაოდენობის რეგულირება აუცილებელია.
ამ თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა ,,რუსთავის” ენდოკრინოლოგი - ლელა ხიჯაკაძე ესაუბრა.
"ადამიანის ორგანიზმს დღეში 13 გრამი მარილი სჭირდება. ეს ნივთიერება შეიცავს ნატრიუმს, რომელიც ჩვენი ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფას უწყობს ხელს. მარილის ჭარბი რაოდენობით მოხმარება ისევე საზიანოა, როგორც მისი დეფიციტი. კალიუმისა და ნატრიუმის თანაფარდობა სითხის საჭირო და სწორი რაოდენობის შენარჩუნებაში მონაწილეობს.
მარილში შემავალი ნატრიუმი სისხლძარღვების სწორ ფუნქციონირებას უწყობს ხელს და აუცილებელია ჯუჭში მარილმჟავას წარმოქმნისთვის. ამიტომ, საკვები რაციონიდან მისი საერთოდ ამოღება კატეგორიულად არ შეიძლება, თუმცა მისი ჭარბი რაოდენობით მოხმარებაც საზიანოა."-ამბობს ენდოკრინოლოგი.
ექიმმა იმ უარყოფით შედეგებზეც ისაუბრა, რომლებიც შეიძლება მარილის კვებიდან სრულად ამოღებას შეიძლება მოჰყვეს.
"ორგანიზმში მარილის დეფიციტმა შეიძლება გაუწყლოება გამოიწვიოს, რადგან როგორც აღვნიშნეთ, მარილი წყლის შენარჩუნებაში მონაწილეობს და აუცილებელია სისხლძარღვებისა და კუჭის სწორი ფუნქციონირებისთვის, ამიტომ მითი იმის შესახებ, რომ მარილის რაოდენობა დღიური რაციონიდან სრულად ამოღებული ან მინიმუმამდე იყოს დაყვანილი არასწორია.
თუმცა, არსებობს გარკვეული დაავადებები - თირკმლის დაავადებები, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც გულისხმობს ზუსტად ორგანიზმიდან ჭარბი სითხის რაოდენობის გამოსადევნად მარილის შემცირებას ან მინიმუმამდე დაყვანას.'' - განუცხადა ექიმმა ლელა ხიჯაკაძემ "ინფო რუსთავს".