ნინო ლაცაბიძემ ჩეხეთის ელჩს საქართველოში, რუსთავში განხორციელებული მუნიციპალური რეფორმები გააცნო. ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ კუბერნატი, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ ჩეხ დიპლომატს, რუსთავში მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში გახსნილი სერვისების ახალი ცენტრი დაათვალიერებინა. ,,ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შევხვდით, ვისაუბრეთ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციაზე, გავაცანით რეფორმირების შედეგად მიღებული თანამედროვე მუნიციპალური სერვისები. ჩეხეთის საელჩომ, კი თავის მხრივ, ფოტოისტორიით გაგვაცნო, თუ როგორ შეძლო ჩეხეთმა, რეფორმებით და ძველის მოდერნიზებით ევროპულ სახელმწიფომდე მისვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის მერმა პეტრ კუბერნატს, ქალაქის ახალი განვითარების გეგმა გააცნო და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ნინო ლაცაბიძემ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც რუსთავის მერიის ინიცირებით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. ,,აღფრთოვანებული დავრჩი რუსთავში ვიზიტით და იმ განხორციელებული ცვლილებებით, რაც ქალაქისთვის კეთდება. ნამდვილად ბევრი სამუშაოა გაწეული და ეს აშკარად ადგილობრივი ხელისუფლების, ქალბატონი ნინო ლაცაბიძის და მისი გუნდის დამსახურებაა. მომავალშიც ვგეგმავ ვესტუმრო თქვენს ქალაქს და სხვადასხვა ღონისძიებებში მივიღო მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთი სასიამოვნო დახვედრისთვის და მოუთმენლად ველი ჩვენს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, - განაცხადა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ კუბერნატმა. პეტრ კუბერნატი ნინო ლაცაბიძესთან ერთად, მოგვიანებით რუსთავის ახალ მედიათეკასაც ესტუმრა. ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, რუსთავის მედიათეკა დაათვალიერა და საელჩოს მიერ ორგანიზებულ გამოფენას -,,ჩემი სამშობლო ცვლილებების გზებით“ დაესწრო.