თვითნებურად მოწყობილი შემაფერხებლები რუსთავის ეზოებში

2024-01-19 14:29:52

რუსთავში არაერთი კორპუსის ეზოს შესასვლელში შეხვდებით სხვადასხვა კონსტრუქციებს, რომლითაც ეზოში შესასვლელი ჩახერგილია და ავტომობილებს გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.

მუნიციპალური ინსპექცია თვეებია მოსახლეობასთან თანამშრომლობით თვითნებურად ჩახერგილ ეზოებში კონსტრუქციების აღებაზე მუშაობს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ბაჩო ხაჩიძემ განუცხადა, კონსტრუქციების აღებაზე თავდაპირველად მოსახლეობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რიგ შემთხვევებში თავად კორპუსში მაცხოვრებლები საკუთარი შესაძლებლობებითაც იღებენ კონსტრუქციებს.

"ძალიან ბევრ მისამართზე არის ჩახერგილი გზები. ნაწილი გავასუფთავეთ და ვიწყებთ ისევ. ჯერ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და აქედან გამოვდივართ, დავაჯარიმოთ თუ არის. არის შემთხვევები, როცა თავად მოსახლეობა იღებს. მოსახლეობა თანამშრომლობს, მეზობლები ერთმანეთში თანხმდებიან",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ბაჩო ხაჩიძემ.

თვითნებურად ეზოების გადაკეტვის გამო ფიზიკური პირი 200 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 500 ლარით დაჯარიმდება.

იურიდიული პირი კი პირველ შემთხვევაზე 500 ლარით, ხოლო გამეორების შემთხვევაში 1500 ლარით.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები