არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო სპეციალისტების საკმარის რაოდენობასა და გეოგრაფიულ მოცვას, - ამის შესახებ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განიხილავენ.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ექიმების და ექთნების უმეტესობა კონცენტრირებული იყო თბილისში. ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6%-ია.
"2021 წლის მდგომარეობით, პროფესიულად აქტიური ექიმების უმეტესობა (58%) კონცენტრირებული იყო თბილისში.
ექთნების უმეტესობა დასაქმებულია დედაქალაქში. 100,000 მოსახლეზე თბილისში ფიქსირდება 828 ექთანი. ეს რიცხვი მოსახლეობის იმავე რაოდენობისათვის თითქმის სამჯერ ნაკლებია გურიაში, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია−ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, ასევე შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
მიუხედავად სტრატეგიით განსაზღვრული საბაკალავრო განათლების პრიორიტეტულობისა, ყოველწლიურად მცირდება იმ ექთნების რაოდენობა, რომელთაც 2018-2021 წლებში დაასრულეს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში (61 კურსდამთავრებული) მაშინ, როცა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში საექთნო პროგრამების მიმართულების როგორც ჩარიცხულთა, ისე კურსდამთავრებულთა რაოდენობა სტაბილურად მაღალია.
2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6%-ია. ამასთანავე, 2019 წლის საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიით დაგეგმილი საკადრო პოლიტიკის აქტივობები, რომლებიც 2021-2022 წლებისთვის უნდა შესრულებულიყო, არ განხორციელებულა. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსების მომზადების მიზნით დაფინანსებული სპეციალობის მაძიებლების 8 შემთხვევაში (35%), ხელშეკრულების პირობები შეუსრულებელია. ამასთანავე, სამინისტროს მათთვის დამატებითი სანქციები არ დაუკისრებია;
დიპლომის შემდგომი სამედიცინო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ არის ნათლად შემუშავებული საექიმო სპეციალობის პრიორიტეტულად განსაზღვრის მექანიზმი", - ნათქვამია ანგარიშში.
ინფორმაციისთვის, სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 2018-2021 წელს მოიცავს.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს - საკვალიფიკაციო ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში არ შესულა ცვლილებები, საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განიხილავენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება. დოკუმენტის თანახმად, გამოკითხული სპეციალობის მაძიებლების 46% მიუთითებს, რომ დიპლომისშემდგომი სწავლების მეთოდები არარელევანტურია მომავალი საექიმო საქმიანობისათვის სათანადო ცოდნის მისაღებად, ხოლო 44%-ის აზრით, მიღებული ცოდნა არასაკმარისია პაციენტებთან დამოუკიდებელი მომსახურების გაწევისათვის
"სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები რიგ ნაკლოვანებებს შეიცავს:
საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების დამტკიცებისა და შესყიდვის პროცესში არ ხორციელდება ხარისხობრივი ნაწილის შესწავლა და მონიტორინგის პროცესი მოიცავს მხოლოდ ტექნიკური მხარის შემოწმებას;
საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების განახლებას არ აქვს სისტემური ხასიათი. ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში ცვლილებები არ შესულა;
საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის, გამოცდის მონაწილემ კი უნდა დააგროვოს სწორი პასუხების, მინიმუმ, 75.5% იმისთვის, რომ გამოცდა ჩაითვალოს ჩაბარებულად. ამასთანავე, სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება;
გამოკითხული სპეციალობის მაძიებლების 46% მიუთითებს, რომ დიპლომისშემდგომი სწავლების მეთოდები არარელევანტურია მომავალი საექიმო საქმიანობისათვის სათანადო ცოდნის მისაღებად, ხოლო 44%-ის აზრით, მიღებული ცოდნა არასაკმარისია პაციენტებთან დამოუკიდებელი მომსახურების გაწევისათვის;
2014-2019 წლებში დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამების განმახორციელებელმა სასწავლო დაწესებულებებმა, ჯამში − 343 აკრედიტებული პროგრამიდან, 17%-ის შემთხვევაში ნაწილობრივ, ხოლო 65%-ის შემთხვევაში, არ წარმოადგინეს ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშები. რეგულირების სააგენტოს აღნიშნული სასწავლებლები არ შეუმოწმებია",- აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც 2018-2021 წლების პერიოდს მოიცავს.