კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, რუსთავში 504 მძღოლი დააჯარიმა.
მათ შორის 1 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით 92 მძღოლი დაჯარიმდა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1614 ჯარიმა თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე დაწერეს; 769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 646 - ბათუმში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განმარტებით, 3533 საჯარიმო ქვითრიდან 3030 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 503 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია ისიც, რომ 2033 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1297 - მიკროავტობუსის, 202 - სატვირთო ავტომობილის, 1 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განმარტებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის - www.videos.police.ge საშუალებით.