დღეს ჩვენი რუბრიკის გმირი 39 წლის სტუდენტი, ეკა შაკიაშვილია.
ეკა კოლეჯ "მოდუსში" მსუბუქი ავტომობილის ღებვის პროგრამაზე სწავლობს.
ავტომობილების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა, იმაზე კი, რატომ გადაწყვიტა 39 წლის ასაკში აღნიშნულ პროფესიას დაუფლებოდა, "ინფო რუსთავის მკითხველს თავად მოუყვება".
"ავტომობილების მიმართ ინტერესი ბავშობიდან მქონდა და პირველად 20 წლის წინ შევიძინე საკუთარი ავტომობილი. მას შემდეგ სულ მინდოდა, ჩემი ავტომობილის გაუმართაობა თვითონვე შემეკეთებინა, მაგრამ ამ სფეროში არასაკმარისი ცოდნა არ მაძლევდა ამის საშუალებას. ავტოსერვისის განხრით ცოდნის მიღების სურვილი უფრო მეზარდებოდა, მიღებული სერვისებით უკმაყოფილების გამო.
სანამ ეკა ახალი პროფესიის დაუფლებას გადაწყვეტდა, მანამდე არაერთ პროფესიაში მოსინჯა ძალები, ჰქონდა საკუთარი ავტოსამრეცხაო და გარდა ბიზნესის მართვისა, თავადაც აქტიურად იყო ჩართული ავტომობილების რეცხვისა და დასუფთავების პროცესში.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებია ტაქსის მძღოლად მუშაობს და როგორც თავად ამბობს, მისი ყოველი ახალი გადაწყვეტილებით ცდილობს დაამსხვრიოს სტერეოტიპები, რასაც ქალბატონები ხშირად აწყდებიან სამსახურებში და განსაკუთრებით "მამაკაცურ პროფესიებში".
"მინდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება, 39 წლის ასაკში ახალ პროფესიას დავუფლებოდი, მოტივაცია იყოს ყველა ქალისთვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. სწავლის გადაწყვეტილებას ჩემს გარშემო ყველა სკეპტიკურად შეხვდა, მწერდნენ პირადშიც, რატომ უნდა დამეკარგა 1 წელი და ვიყავი თუ არა დარწმუნებული, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემთან, როგოც ქალთა მოიყვანდნენ ავტომობილებს შესაღებად, პოლირებაზე.
კოლეჯში ტოლერანტული გარემო დამხვდა. ჩემთვის არავის არ უთქვამს, რატომ ვაბარებდი ამ პროფესიზე, პირიქით, ჩაბარების დღიდან ცდილობენ, რომ სტუდენტებს გვერდში დაგვიდგნენ. აღსანიშნავია, რომ პროგრამაზე 18 სტუდენტი ვსწავლობთ, ჩემს გარდა ავტომობილის ღებვას 16 წლის გოგონაც ეუფლება, რაც ძალიან მახარებს. მინდა, ჩემი გადაწყვეტილება მაგალითი იყოს ყველა ქალისთვის - თამამად და გაბედულად მიჰყვნენ თავიანთ ინტერესებს, ეძებონ გზები დასახული მიზნების მისაღწევად და არასდროს დანებდნენ".