ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან, მთის ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა.
ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მეწყრული პროცესების მძიმე შედეგების განვითარების პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი აღჭურვილობითა და სპეც-ტექნიკით, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტების ჯგუფები.
"ასევე, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები.
პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, ყველა შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით კოორდინირებულად მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები” ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.