რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია "შინ მოვლის" პროგრამას ახორციელებს.
ქვეპროგრამა ბენეფიციარის საექიმო და საექთნო მომსახურებას, პერსონალურ მოვლას და საყოფაცხოვრებო დახმარებას ითვალისწინებს.
მერიის ვებ. გვერდზე დეტალურად ვკითხულობთ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ იმისთვის, რომ აღნიშნული სოციალური პროგრამით სარგებლობა შეძლოთ.
"ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეები (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი პირები და მარტოხელა სტატუსის მქონე პირები, რომლებიც ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).
საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ-ქალაქი რუსთავი.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარის საექიმო და საექთნო მომსახურებას, პერსონალურ მოვლას და საყოფაცხოვრებო დახმარებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დაფინანსდება არაუმეტეს 100 ბენეფიციარი.
ბართელის ინდექსის მიხედვით, მომსახურება ფინანსდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) I კატეგორიას მიკუთვნებული პირისთვის: 660 ლარი;
ბ) II კატეგორიას მიკუთვნებული პირისთვის: 540 ლარი;
გ) III კატეგორიას მიკუთვნებული პირისთვის: 360 ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.