ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ფასები დადგინდა. მსუბუქი ავტომობილებისთვის ტექნიკური შემოწმება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი ეღირება. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილს ექნება ისეთი ხარვეზი, რომელიც ეწინააღმდეგება დადგენილ სატრანსპორტო მოთხოვნებს, მფლობელს პრობლემის აღმოსაფხვრელად 1 თვე მიეცემათ. აქვე აღსანისნავია, რომ ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 50 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს იმავე დარღვევისთვის 200 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „ინფო რუსთავთან“ საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია ტექნიკური დათვალიერებისთვის დადგენილი ფასები და ეს თანხა ადეკვატურად მიაჩნია არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით.
„ვფიქრობ, მძღოლისთვის დიდ გადასახადს არ წარმოადგენს ტექნიკური დათვალიერებისთვის დადგენილი ფასები, ვინაიდან სხვა ქვეყნებშიც შესაბამისი გადასახადია. თუმცა საინტერესოა ფიქსირებული თანხა როგორ შეიცვლება წლების შემდეგ. როგორც ვიცი, 4 წლამდე ავტომობილები არ მოწმდება, 4-6 წლამდე ავტომობილი 2 წელიწადში ერთხელ მოწმდება, ისევე, როგორც 6-8 წლამდე ავტომობილი, 8 წლის ზემოთ ავტომობილებისთვის, კი ყოველწლიური შემოწმება იქნება სავალდებულო. მძღოლებს წინასწარ ეცოდინებათ რა შემოწმდება და რაზე გამოცხადდება ინსპექტირება, შესაბამისად 1 თვე გონივრული ვადაა პრობლემის გადასაჭრელად. თუ ავტომობილის მფლობელი გამოასწორებს მდგომარეობას და ტექნიკურ დათვალიერებაზე მივა, მეორედ, შემოწმება მისთვის უფასო იქნება. რაც შეეხება გაზზე მომუშავე ავტომობილებს, ისინი ორნაწილად გაივლიან შემოწმებას, ცალკე შემოწმდება გაზის ბალონები, და ცალკე გაზგაყვანილობა. ვფიქრობ, ადეკვატურია, მაგრამ როგორ აღსრულდება კანონი ეს უკვე ჩემთვის ბუნდოვანია.“,- განაცხადა დავით მესხიშვილმა
ავტომობილების შემოწმება სავალდებულო იქნება.