საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად სწავლობს, სად და რა ფორმით შეიძლება სკოლებში კვების პროგრამის დანერგვა.
"2023 წელს ჩვენ სპეციალური პროგრამა შევქმენით სამინისტროში, სპეციალური მცირე სამსახური ჩამოვაყალიბეთ. დაწყებული გვაქვს ყველა სკოლის დეტალური აღწერა. მაგალითად, კახეთის რაიონი დასრულებული გვაქვს და ასე ვაპირებთ გაგრძელებას. 2024 წლის სექტემბრამდე გვინდა, საქართველოს ყველა 2084 სკოლის აღწერა დავასრულოთ და დავდოთ სურათი, რომელ სკოლაში, რა ფორმით, რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის ამოქმედება. ამ კუთხით მნიშვნელოვანი მუშაობა მიმდინარეობს სამინისტროში", - განაცხადა ამილახვარმა.
ინფორმაციისთვის, სამთავრობო პროგრამას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, კობახიძის მიერ წარდგენილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 4-მა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.