ინფლუენსერებს, სავარაუდოდ, სტანდარტების დაცვა მოუწევთ.
შესაძლოა, სავალდებულო გახდეს ვიდეოში წარწერის სახით მითითება, რომ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესახებ ვიდეოს განთავსებისთვის კომპანიამ ინფლუენსერს თანხა გადაუხადა.
აღნიშნული სფეროსთვის სტანდარტების დაწესებაზე მუშაობის დაწყებას კონკურენციის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს გეგმავს, შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტი კი მზად 2025 წლისთვის უნდა იყოს.
კიდევ რა პირობები დაწესდება ინფლუენსერების საქმიანობისთვის, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა როგორც სააგენტოში განაცხადეს, „მთავარია გამჭვირვალობა, რადგან მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესახებ ვიდეოს განთავსებისთვის კომპანიამ ინფლუენსერს თანხა გადაუხადა“.
"არსებული მდგომარეობით, არ არსებობს ინფლუენსერების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. თუმცა, 2024 წლის განმავლობაში, სააგენტო გეგმავს სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას, რომელიც მზად იქნება 2025 წლისთვის. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს იმ ძირითად წესებს და პირობებს, რაც ინფლუენსერმა უნდა დაიცვას საქონლის ან მომსახურების რეკლამირებისას.
აღსანიშნავია, რომ ინფლუენსერების საქმიანობის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობისას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აქტიურად გაიზიარებს ევროკავშირის დახმარების პროექტის (Twinning) საერთაშორისო ექსპერტების, ლიეტუველი და პოლონელი კოლეგების და მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ექსპერტების გამოცდილებას“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.