"ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 7%-ით შემცირდა"

2024-02-01 12:25:16

2023 წელს ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 7%-ით შემცირდა - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "კრედიტინფოს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ლაშა ბაღათურიამ განუცხადა.

"ე.წ. შავი სია, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე ცნობილია, არ არსებობს, მაგრამ არსებობს საკრედიტო ჩანაწერი და როდესაც ვადაგადაცილებული სესხი ფიქსირდება, თუნდაც ერთი დღის, იგი ავტომატურად ეგზავნება კრედიტინფოს და ბაზაში ისახება", - განაცხადა ლაშა ბაღათურიამ.

ლაშა ბაღათურია ასევე განმარტავს, თუ რის შემდეგ ხდება ვადაგასული სესხების ბაზიდან ინფორმაციის წაშლა:"ეს ჩანაწერი მანამ რჩება, სანამ მსესხებელი არ დაფარავს ვადაგადაცილებას. ბაზიდან ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ იშლება, რაც მსესხებელი სესხს სრულად დაფარავს და დაფარვიდან 5 წელი გავა".

ამასთან, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2023 წელს, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 7%-ით შემცირდა და სიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი, სამომხმარებლო სესხები მოხვდნენ.

"2023 წელს ეს მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ვადაგადაცილებული სესხების სიაში, რაოდენობრივად, ყველაზე მეტად ხვდებოდნენ სამომხმარებლო სესხები, მაგრამ თუ თანხების მოცულობით შევხედავთ, ამ კუთხით, ბიზნეს სესხები ლიდერობენ, თავისთავად, რადგან ისინი კორპორატიულ სესხებში შედიან", - აღნიშნა ლაშა ბაღათურიამ.