რა მოხდა რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე

2024-01-25 20:05:14

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომობილის მძღოლი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

როგორც თვითმხილველებმა "ინფო რუსთავს" უთხრეს, 60 წლამდე მამაკაცმა მანქანის გაჩერება და გადმოსვლა დროულად შეძლო, მოქალაქეებმა კი ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.

მამაკაცი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

"პაციენტი შემოვიდა გულყრით. შეტევის დროს ჰქონდა მიღებული თავის ტრავმაც. შესაბამისი კვლევების შემდეგ, გაეწია დახმარება და ამჟამად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ის რჩება კლინიკაში", - განაცხადა ექიმმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მესხიშვილის ქუჩაზე მცირე დროით შეფერხებული იყო მოძრაობაც.