რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სარეაბილიტაციო - განმავითარებელი ცენტრ ,,კესანეს“ ბენეფიციარების მშობლებს შეხვდა.
რუსთავის მედიათეკაში გამართულ შეხვედრაზე, ქალაქის მერმა იმ ახალ და გაუმჯობესებულ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც რუსთავის მერია 2024 წლის განმავლობაში განახორციელებს. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ნინო ლაცაბიძემ ,,კესანეს’ ბენეფიციართა მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და შშმ პირებზე მორგებული მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, მათი მოსაზრებები მოისმინა.
2024 წლის ბიუჯეტში უკვე ასახული ახალი პროგრამების გარდა, რუსთავის მერმა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ინტეგრაციისკენ მიმართული კიდევ რამდენიმე სიახლე გააცნო მშობლებს.
,,აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან ჩვენ სისტემატურად გვაქვს შეხვედრები იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში სწორედ ბავშვებზე ორიენტირებული გარემო შევქმნათ როგორც განათლების, ასევე სპორტული და სახელოვნებო მიმართულებითაც. დღევანდელ შეხვედრაზე, მშობლების მხარდამჭერი პროგრამის აუცილებლობაც გამოიკვეთა, რაზეც ჩვენ აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მედიათეკაში გამართულ შეხვედრას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ოთარი ოთარ ტატალაშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი, სახელოვნებო დეპარტამენტისა და ცენტრ ,,კესანეს“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
,,კესანეს“ ბენეფიციართა მშობლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ არსებული და დაგეგმილი მუნიციპალური სერვისების შესახებ, რომელიც რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითაა შემუშავებული. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში განსაკუთრებით გაუმჯობესდა ყველა ის საკანონმდებლო სტანდარტი, რომელიც შშმ პირებთანაა დაკავშირებული და მომავალშიც რა თქმა უნდა გავაგრძელებთ საუკეთესო ევროპული გამოცდილების საქართველოში დანერგვაზე მუშაობას“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
მიმდინარე წლიდან, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს რუსთავის მერია, 20 თერაპიულ სეანსს დაუფინანსებს. წელსვე დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საკურორტო მომსახურებას ითვალისწინებს. დაწყებულია შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა მშობლების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მომსახურების პროგრამაც, მიმდინარე წელსვე იგეგმება ცენტრის ძველი ფლიგელის რეაბილიტაციაც.
სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი - ,,კესანე“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 430 ბენეფიციარს ემსახურება. აქედან, 125 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია.