რუსთავში ცხოველებმა 224 ადამიანი დაკბინეს

2024-01-08 12:35:37

გასულ თვეში, დეკემბერში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 224 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.

69 აცრილი 15 წლამდე პაციენტია.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის უმრავლესობა, 198 შემთხვევათა, პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევაში კი ცხოველთა პატრონების მიკვლევა ვერ მოხდა.

ჯანგულაშვილის ცნობითვე, პატრონიანი ცხოველების დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 133 ძაღლზე მოდის, 64 კატაზე და 1 კურდღელზე.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სიტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.