რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა.
ნოდარ შეროზიამ საქმიანობის წლიურ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებსა თუ პროგრამებზე, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში მხარი დაუჭირა.
"ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება ნაკარნახევია რუსთაველების საჭიროებებით", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ანგარიშის წარდგენას როგორც დეპუტატების ნაწილი, ასევე აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.
ნოდარ შეროზიამ განსაკუთრებით გამოყო შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, USAID -ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელ კევინ მაკლოკლინთან და ასევე, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შედგენის მიზნით, ორგანიზაცია UNDP-ის წარმომადგენლებთან.
საკრებულოს თავმჯდომარემ შეაფასა და ვრცლად ისაუბრა, ქალაქის მერიასა და საკრებულოს შორის არსებულ ურთიერთობაზეც.
"მთელი წლის განმავლობაში მერიის მხრიდან ვხედავთ საკრებულოს და კონკრეტულად საკრებულოს თავმჯდომარის დისკრედიტაციის პროცესს", - აღნიშნა შეროზიამ.