სანტა კლაუსის გამოძახება რუსთავში

2023-12-27 17:02:22

საახალწლო დღეებში ძალიან პოპულარული ხდება სერვისი "სანტა გამოძახებით".

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა დაუჯდებათ წელს რუსთაველ მშობლებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა.

რუსთავში სანტა კლაუსის გამოძახება 70 ლარიდან იწყება და პირობების მიხედვით, 150 ლარამდე მერყეობს.

31 დეკემბრის 22:30 საათამდე, სახლში თოვლის ბაბუის სტუმრობა 70 ლარი ღირს, 22:30-დან 00:00-მდე კი 100 ლარი დაგიჯდებათ. რაც შეეხება ზუსტად ღამის 12 საათს, დროის ამ მონაკვეთში სანტას გამოძახება, ბუნებრივია, ყველაზე ძვირად - 150 ლარად ფასდება.

ახალი წლის შემობრძანების შემდეგ სერვისის საფასური იკლებს და 01:00-მდე 100, ხოლო შემდეგ საათებში 70 ლარი ხდება.

თუ გსურთ, სანტამ წარმოადგინოს 20-30 წუთიანი შოუ-პროგრამაც, შესაბამისად, მომსახურების საფასურიც ოდნავ განსხვავებული იქნება.

ინტერნეტში შესაძლებელია ინდივიდუალური შეთავაზებების ნახვაც. ფასები 50 ლარიდან იწყება და, როგორც წესი, 250 ლარამდე ადის.

ღირებულების ძირითადი განმსაზღვრელი, ამ შემთხვევაშიც, ოჯახში სტუმრობის დროა. საახალწლოდ ბიზნესში ბავშვთა გასართობ ცენტრებთან ერთად კერძო პირებიც ერთვებიან.