ენდომეტრიოზი — დაავადება, რომლის დროსაც ედომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება.
ეს არის არა ჭეშმარიტი სიმსივნე, არამედ ენდომეტრიუმის ჰორმონდამოკიდებული ჰიპერპლაზია (ენდომეტრიუმის უჯრედების არანორმალური გამრავლება). დაავადების შესახებ ინფო რუსთავს მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი - ნიკოლოზ სარაული ესაუბრა.
ექიმი ენდომეტრიოზს როგორც კეთილთვისებიანი მიმდინარეობის, თუმცა საკმაოდ რთული ხასიათის დაავადებას ახასიათებს. რთულ ხასიათში იგულისხმება, რომ ის საკმაოდ რთული სადიაგნოსტიკოა და არსებობს სხვადასხვა ფორმის დიაგნოზები.
,,პროცესს, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ქსოვილი, რომელიც ყველაზე ღრმა ქსოვილია საშვილოსნოს ღრუში, მიგრაციას განიცდის და ენდომეტრიუმის ნაცვლად საშვილოსნოს კუნთოვან შრეში ჩაიზრდება - ჰქვია ადენომიოზი, უშუალოდ ენდომეტრიოზია როდესაც ეს ყველაფერი საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ გადის, კერძოდ მუცლის ღრუში - ძირითადად მენჯში. საშვილოსნოს შემდგომ, პირველი ლოკაცია ძირითადად გახლავთ საკვერცხეში. არსებობს მილის, პერიტონიუმის, მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოების ენდომეტრიოზები, რაც რა თქმა უნდა რთული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო გახლავთ. თუმცა თუ დიაგნოზი სწორად დაისვა, დაავადება განკურნებადია."- აცხადებს ონკო გინეკოლოგი ნიკოლოზ სარაული.
ექიმი დაავადების დიაგნოზის სწორად დასმისა და სწორი მკურნალობის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.
,,დაავადებას ასევე რეციდივებიც ახლავს. ბუნებრივია, მკურნალობის ძირითადი გზა ქირურგიული გზაა, რასაც ლაპაროსკოპია ეწოდება. შესაძლებელია საქმე გვქონდეს ღრმა ენდომეტრიოზებთან, როგორიცაა ნაწლავის, შარდსაწვეთის ენდომეტრიოზი, რომლებიც საკმაოდ მგრძნობიარე ორგანოები გახლავთ და მათთან კომუნიკაცია ქირურგიული გზით საკმაოდ სკრუპულოზურად შესასრულებელია, ვინაიდან შესაძლებელია ორგანო ფუნქციურად სრულად შენარჩუნებული იყოს, ჩვენ მექანიკური ჩარევით კი, იმის გამო რომ ის რადიკალურად ამოვიღოთ, უფრო დავაზიანოთ და სხვა და მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვიწვიოთ. ასე რომ, დაავადება განკურნებადია, როგორც ქირურგიული, ისე თერაპიული გზითაც."- ამბობს ექიმი ნიკოლოზ სარაული.
ონკო გინეკოლოგის თქმით, ძირითადი სიმპტომი მტკივნეული მენსტრუაციაა, რაც ქალბატონების ცხოვრების ხარისხს ცვლის. ის ძირითადად ფერტილობის ასაკში, ახალგაზრდა ქალებში გვხვდება.
,,როდესაც დაავადება გავრცელებული და ჩამოყალიბებულია ორგანიზმში, ძლიერ ტკივილსა და ძლიერ მენსტრუაციას იწვევს. ბუნებრივია, ეს შემდგომ ფსიქოლოგიურადაც აისახება, პაციენტი სრულიად უუნარო ხდება, ახლავს ძლიერი ტკივილი, რომელიც თავის ტკივილისა და ზოგადი სისუსტის მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს. უხეშად რომ ვთქვათ, პაციენტის ზოგადი ბლოკირება ხდება, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს ფსიქოლოგიურადაც აისახება."- განუცხადა ინფო რუსთავს ექიმმა ნიკოლოზ სარაულმა.
მისივე თქმით, აღნიშნული დაავადებით მომართვიანობა გაიზარდა. ამაზე დიდ გავლენას ჩვენი საკვები და საცხოვრებელი გარემოს დაბინძურება ახდენს. არსებობს ნივთიერებები, რომლებიც გამოიყოფა ჰაერში და რომლებსაც შეიცავს საკვები ნივთიერებები და იწვევს ინტოქსიკაციას. მაპროვოცირებელი ფაქტორები განვითარებასთან და ტექნოლიგიებთან ერთად გაიზარდა, შესაბამისად იმატა დაავადებებმაც.
ონკო გინეკოლოგის განცხადებით, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში არამხოლოდ ენდომეტრიოზთან დაკავშირებულ პრობლემებს, არამედ სხვადასხვა მიმართულების დაავადებებსაც უმკლავდებიან.
,,სამწუხაროდ, ონკოლოგიური პაციენტების რიცხვმა საკმაოდ იმატა. საშვილოსნოს ყელის კიბო, საკვერცხის კიბო, საშვილოსნოს ტანის კიბო, ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსიმვნეები - პაციენტები ამ დაავადებებით ხშირად მოგვმართავენ, რაც ძალიან სამწუხაროა. საბედნიერო კი ის გახლავთ, რომ ჩვენი ცენტრი ექიმებს გვაძლევს საშუალებას მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობითა და კვალიფიციური კადრით, ნებისმიერი დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა მოვახდინოთ და შემდგომ ვუმკურნალოთ მას. ჩვენთან, რუსთავის მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, პაციენტს შეუძლია ყველა ტიპის ქირურგიული მომსახურება მიიღოს."- აღნიშნავს ონკო ენდოკრინოლოგი ნიკოლოზ სარაული.