საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ქალაქ რუსთავში
რეგიონებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებისთვის ახალი ავტობუსები იქნა შეძენილი. დღეიდან კი ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი მოემსახურება. 51 ერთეული ავტობუსი სამივე რეგიონში რუსთავიდან გადანაწილდა. ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთში დავით ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
პროექტის მიხედვით, სულ 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა და მათი 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილებაა გათვალისწინებული.
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან რეგიონების მოსახლეობას თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სამგზავრო ავტობუსები ეყოლება. ეს პროგრამა ემსახურება შიდა საქალაქთაშორისო მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას, რისთვისაც როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 53 მილიონი ლარი და შეძენილ იქნა ,,ისუზუს“ მარკის, EURO 5-ი სტანდარტის 154 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. როგორც ხედავთ, 51 ერთეული ავტობუსი დღეს ადგილზეა და გაემგზავრება სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანარჩენი 20 კი თვის ბოლოს იქნება ადგილზე და ასევე გაიგზავნება ჩვენს რეგიონებში. 2024 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება ავტობუსების ადგილზე ჩამოყვანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება ჩვენს რეგიონებში შიდა და საქალაქთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა. პროგრამა ერთჯერადი არ არის, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონის მუნიციპალიტეტების სპეციფიკიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ავტობუსების, ასევე მიკროავტობუსების შეძენა. რეგიონების განვითარების ფარგლებში ამავდროულად შეძენილია ,,ივეკოს" ფირმის ნაგავმზიდები, რაშიც უკვე გადახდილია 33 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.
ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შიდა და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე უზრუნველყოფს მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ამ ეტაპზე საქართველოში შემოყვანილი 51 ახალი ავტობუსიდან, 20 რუსთავის მოსახლეობას მოემსახურება.
,,როგორც რუსთავისთვის, ასევ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს მუნიციპალური ტრანსპორტი. პრემიერის მხარდაჭერით 20 ევრო-5 სტანდარტის ახალი ავტობუსი შევიძინეთ რუსთავმა. ეს იყო დაპირება განსაკუთრებით სტუდენტებთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ასევე გავაგრძელებთ ტრანსპორტის შესყიდვას იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსთავში როგორც საქალაქთაშორისო, ასევე შიდა სატრანსპორტო პოლიტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს თითოეულ რუსთაველისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ევრო 5-ის სტანდარტის ,,ისუზუს" ფირმის 31 ავტობუსი კი ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებზე გადანაწილდა. ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება, გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ახალი ევროსტანდარტის ავტობუსები იქნა შეძენილი, აქედან 34 ქვემო ქართლის რეგიონისთვისაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკისთვის. ეს იყო წლების განმავლობაში მოსახლეობის მოთხოვნა და თითოეული მუნიციპალიტეტისთვის გამოწვევა, რომელიც გარკვეულწილად უკვე დაძლეულია. ეს პროცესი, რა თქმა უნდა გაგრძელდება და მეორე ეტაპზე მოხდება იმ რაოდენობის ტრანსპორტის დამატება, რისი აუცილებლობაც არის მუნიციპალიტეტებში“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
ავტობუსები რეგიონების მოსახლეობის შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თითო სატრანსპორტო საშუალება, 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი ავტობუსების შესაძენად, ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - „ჯითი გრუპი“ 51 ერთეული ავტობუსი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა, დარჩენილი 103 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, კი მიმდინარე წლის ბოლომდე და 2024 წლის დასაწყისიდან შემოვა საქართველოში.
სამგზავრო ავტობუსების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე შეძენილია ,,ივეკოს" ფირმის, ათ და თექვსმეტ კუბიანი 90 ნაგავმზიდიც, რომლებიც ქვეყნის 49 მუნიციპალიტეტში გაიგზავნება.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.