რუსთავში 17 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი, აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ხორციელდება და ჯამში გამაგრება-რეაბილიტაცია 17 საცხოვრებელ კორპუსს უტარდება.
საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან და მერის მოდგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, დონეცკელ მეტალურგთა გასასვლელის N18 ა, ქაშაკაშვილის ქუჩის N8 და N10-ში სამუშაო ფორმატში გაეცნო. რუსთავის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ქალაქში მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა.
"რუსთავში, დღეს სხვადასხვა ტიპის გამაგრებითი სამუშაოები 17 შენობას უტარდება, ძირითადად ხდება მზიდი კედლების გამაგრება და ეს იყო სწორედ მოსახლეობის მოთხოვნაც. პროექტები დაფინანსდა, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით. ქალაქში არსებული კორპუსების გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, მომავალშიც დარჩება", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
დონეცკელ მეტალურგთა გასასვლელის N18 ა, ქაშაკაშვილის ქუჩის N8 და N10-ში მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, შენობების მზიდი კედლების კონსტრუქციული გამაგრება მოხდება. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ვაჟა-ფშაველას მე-2 გასასვლელის N4-სა და თოდრიას მესამე ჩიხის N7-ში, კოსტავას N15-ში კი აივნებს უტარდება რეაბილიტაცია. ძველი რუსთავის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩის N 11, 15, 17, 19, 20, 22, 24, 26, 28, ბათუმის ქუჩის N14 და ასლანიკაშვილის ქუჩის N12 საცხოვრებელ შენობებში მიმდინარეობს, სადაც ფასადების მოპირკეთება ძველი ქალაქის არქიტექტურის სრული შენარჩუნებით ხდება.
რუსთავში, 17 მისამართზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჯამური ღირებულება 6 500 000 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.