ბიჭი, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, რუსთავის სასამართლოში უდანაშაულოდ ცნეს

2023-12-09 16:38:57

მამის მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძე, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ავრცელებს.

საუბარია გარდაბანში, მაისში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს.

მოკლულის ცოლი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მისი ქმარი მკვლელობის დღეს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შვილი იძულებული გახდა თავი დაეცვა.

21 წლის ბიჭი პოლიციას თავად ჩაბარდა და ბრალიც აღიარა. მის წინააღმდეგ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ, 21 წლის ახალგაზრდა რუსთავის  საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები