პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბათუმში მომხდარ ტრაგედიას და აღნიშნა რომ მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში.
„ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით. ასევე, მინდა, ზურაბ ალავიძეს ვთხოვო, რეგიონებში კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამუშაო კამპანია, რათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იყოს დაშვებული. ეს, რა თქმა უნდა, რაც ეხება მომავალში პრევენციას, მაგრამ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, ან თუ გნებავთ აღრიცხვა ამ მიმართულებით. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს და, რა თქმა უნდა, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზომების მისაღებად მომავალი წლისთვის საგანგებო სიტუაციებისა და შესაბამისი სამსახურებისთვის 20 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.