განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სკოლებში დამლაგებლის, ტექნიკური პერსონალის, დარაჯის ხელფასები გაიზრდება.
მინისტრის განმარტებით, სკოლებში, სადაც აღნიშნულ მუშახელს ხელფასი 170 ლარამდე აქვს, იქ შესაძლოა ხელფასი 40%-ით გაიზარდოს. დიდ სკოლებში კი, სადაც ანაზღაურება ოდნავ მეტია, სამინისტრო 20%-იან მატებას გეგმავს.
"დამლაგებელი, ტექნიკური პერსონალი, დარაჯი - მე დეტალურად ვიცი მათ რა ხელფასიც აქვთ და უხერხულიც არის ამაზე საუბარი. 2024 წლის ბიუჯეტში მოაზრებული გვაქვს, ამ ნაწილში მინიმუმ 20%-იან ზრდას გავაკეთებთ.
არის სკოლები სადაც 160-170 ლარია ჩვენდა სამწუხაროდ ხელფასი და შეიძლება აქ 40%-იანი ზრდაც გავაკეთოთ. მაგრამ იქ სადაც დიდი სკოლებია და ანაზღაურება ოდნავ მეტია, ვფიქრობთ მინიმუმ 20%-იან ზრდას გავაკეთებთ.
შემიძლია ამ ხალხს დავპირდე, რომ 2024 წელს მნიშვნელოვანი სახელფასო მატება იქნება", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.