რომელი ქუჩები ირთვება საახალწლოდ რუსთავში [video]

2023-11-29 13:44:36

რუსთავში ქუჩებში თითქმის ორი კვირაა საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს.

განათებები უკვე დამონტაჟებულია კოსტავასა და მეგობრობის გამზირებზე, თოდრიას, მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩებზე.
ამჯერად ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს ცენტრალურ ხიდზე.

განათებების მონტაჟის პროცესი ადგილზე დაათვალიერა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ლაცაბიძის თქმით, 2-3 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, მერიის წინ, მთავარი ნაძვის ხის აწყობაც დაიწყება.

"ძალიან დიდი მოლოდინი არის ისეთი ღონისძიების მიმართ, როგორიცაა ახალი წელი და ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მწერენ, მათ შორის რომელი ქუჩების განათება უზრუნველვყოთ. ჩვენმა სამსახურმა დიდი ხანია დაიწყო ქალაქის განათებაზე ზრუნვა იმისთვის, რომ არსებული რესურსი, რაც გვაქვს, სრულად გვეყოს და შევძლოთ ქალაქის როგორც ცენტრალური ქუჩების ასევე ისეთი ქუჩების განათება, რომლებიც  აქამდე არ გვქონია. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სამსახურებს, მთელი მერიაა ჩართული განათებაში. დავასრულეთ კოსტავას, მეგობრობის გამზირები, თოდრია, მესხიშვილი, ლეონიძის ქუჩა, სადაც არასდროს არ გვქონია არასდროს საახალწლო განათება. მიხარია, რომ წელს მოსახლეობის დიდი თხოვნა იყო.

დღეს აქტიურად მიდის ცენტრალური ხიდის განათებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველებმა იციან ხიდის საფეხმავლო ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ შეუშლის ხელს რომ, ხიდი ისევ იყოს განათებული, გალამაზებული. შაბათ კვირას დაიწყება უკვე ცენტრალური ნაძვის ხის აწყობის პროცესი და უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ იმ ღონისძიებებს. ნაძვის ხის ანთება შარშან იმდენად მასშტაბური იყო და მთელი ქალაქი ერთად შევიკრიბეთ, რომ მგონია, წელს კიდევ უფრო მომზადებულები დავხვდებით ჩვენ მოსახლეობას და მთელი ქალაქი შევიკრიბებით, რომ ცენტრალური ნაძვის ხე ავანთოთ",- განაცხადა ლაცაბიძემ.

მერის თქმით, საახალწლო განათებები დამონტაჟდება ახალგაზრდობის, ჭყონდიდელში, ლეონიძეზე, მეშვიდე და მეცხრამეტე მიკრორაიონში არსებულ სკვერებში.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები