მიწის ამზომველ პირებს სერტიფიცირების ვალდებულება ექნებათ, - აღნიშნულთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომლის ავტორიც იუსტიციის სამინისტროა, უკვე პარლამენტშია ინიცირებული.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონის მიღების შედეგად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელ პირად განისაზღვრება მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად აკრედიტებული სუბიექტის მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომლის მიერ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები შესრულდება მაღალი ხარისხით, ერთიანი სტანდარტების გათვალისწინებით.
"აღნიშნული განაპირობებს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სრულყოფილი მონაცემების დარეგისტრირებას, მონაცემებს შორის გადაფარვის (ზედდების) ალბათობის შემცირებასა და ერთგვაროვანი სარეგისტრაციო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებლობა სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირს დაეკისრება, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება,“ - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
ამასთან, როგორც საკანონმდებლო პაკეტშია აღნიშნული, რეესტრის Geo-Cors-ის სისტემაში (მუდმივმოქმედი საბაზო რეფერენსული სადგურები) ჩართულია დაახლოებით 1 600 მომხმარებელი, მათგან დაახლოებით 1 000 ფიზიკური პირი.
კანონპროექტის ავტორთა ცნობით, აღნიშნული ამზომველების უმრავლესობა არ ფლობს სერტიფიკატს.
მათივე განმარტებით, საამზომველო საქმიანობის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ნორმები ამოქმედდება 2024 წლის 1 სექტემბრიდან. აღნიშნული დრო საჭიროა იმისთვის, რომ მოქმედ ამზომველებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაიარონ სწავლება და აიღონ სერტიფიკატი, რათა ჰქონდეთ სარეგისტრაციო მიზნებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო კვალიფიკაცია და უფლებამოსილება.
რაც შეეხება ხარჯებს, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, სერტიფიციტრების ხარჯები დამოუკიდებლად დგინდება აკრედიტებული სუბიექტების მიერ. მაგალითად, სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრის შემთხვევაში სერტიფიცირების საფასური შეადგენს 400 ლარს.