როგორ შევარჩიოთ ყავის აპარატი სახლისთვის?

2023-11-28 16:32:35

როგორ შევარჩიოთ ყავის აპარატი სახლისთვის?

ყავა უამრავი ადამიანისთვის უბრალო სასმელზე გაცილებით მეტია. დილით მოდუღებული პირველი ჭიქა ყავა ყოველდღიური რუტინის განუყრელი ნაწილი გახდა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ის ერთადერთი, იდეალური ყავის აპარატი, რომელიც დღის პირველი წუთებიდანვე შეგვიქმნის სწორ განწყობას იმისთვის, რომ პასუხისმგებლობებს შევეჭიდოთ. აპარატის არჩევისას არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელთა შესახებაც ამ ბლოგში ვისაუბრებთ.

მექანიკური აპარატები

არსებობს აპარატები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, რომ ყავის მარცვლები თქვენი ხელით დაფქვათ და ფილტრში მოათავსოთ, რის შემდეგაც აპარატიდან ცხელ წყალს დაასხამთ და თქვენი ყავაც მზად იქნება. ასეთი აპარატების გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ დიდი დროის დათმობა უნდა შეგეძლოთ ყავის მომზადებისთვის, რადგან, ფაქტობრივად, ყველაფრის გაკეთება საკუთარი ხელით მოგიწევთ. მექანიკურ აპარატებს უამრავი სხვა პატარა დეტალი და ნაწილი მოჰყვება, მაგალითად, რძის ქაფის ამომყვანი, რაც დამწყებისთვის ზოგჯერ დამაბნეველია. სწორედ ამიტომ, ასეთი მექანიკური აპარატები უფრო გამოცდილი ადამიანებისთვისაა, რომლებმაც ზედმიწევნით იციან, თუ რა რაოდენობის ყავის მარცვლები უნდა გამოიყენონ და რა ნაბიჯებს უნდა მიყვნენ, რათა იდეალური სასმელი მოამზადონ.

კიდევ ერთი „დაბრკოლება“ პროცესის დასრულების შემდეგ ამ ყველაფრის დასუფთავება და გარეცხვაა. საბოლოოდ, მექანიკური აპარატის შეძენამდე საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ყავის მოსამზადებლად ყოველ დილით საკმარისი დრო გექნებათ.

ავტომატური აპარატები

თუ გსურთ, რომ ყავა „თავისით მომზადდეს“, თქვენ კი პარალელურად დილის რუტინის სხვა დეტალებს დაუთმოთ დრო, ესპრესოს მოსამზადებელი ავტომატური აპარატი თქვენთვის იდეალურია. ერთი ღილაკის დაჭერით აპარატი იწყებს მარცვლების თავისით დაფქვას და შემდეგ მდუღარე წყალსაც ატარებს ფილტრში. თუ უპირატესობას ლატეს ან კაპუჩინოს ანიჭებთ, არც ესაა პრობლემა - ასეთი აპარატები რძის ქაფსაც ავტომატურად აკეთებენ, თქვენი ხელით ჩარევა კი საჭირო აღარაა.

მეორე მხრივ, ამ შემთხვევაში, გაგიჭირდებათ, ყავის გემო და სიძლიერე “გააკონტროლოთ”,  რადგან აპარატი პრაქტიკულად ყველაფერს თქვენ მაგივრად აკეთებს - მარცვლების დაფქვა, წყლის რაოდენობის კონტროლი და ა.შ. გარდა ამისა, ავტომატურ აპარატებს შედარებით მაღალი ფასი აქვს, თუმცა უდავოა, რომ მათი შეძენის შემდეგ დილის ძვირფასი დრო საგრძნობლად დაგეზოგებათ.

კაფსულები

დილაობით დროის მოგების მხრივ ყავის კაფსულებიც ძალიან დაგეხმარებათ - სხვადასხვანაირი გემოსა და ინტენსივობის მქონე კაფსულები მრავალფეროვან არჩევანს გაძლევთ იდეალური ყავის საპოვნელად და მისი მომზადება სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. საჭიროა უბრალოდ კაფსულის აპარატში მოთავსება და სულ ცოტა ლოდინი.

ნახევრად ავტომატური აპარატები

თუ ყავის თქვენი ხელით მოდუღების დრო არ გაქვთ, თუმცა მაინც გაქვთ სურვილი, რომ მზადების პროცესში მონაწილეობა მიიღოთ, შეგიძლიათ, არჩევანი ნახევრად ავტომატურ ყავის აპარატებზე შეაჩეროთ. ისინი მექანიკური აპარატების მსგავსად მოქმედებენ, თუმცა, განსხვავება ისაა, რომ წყლის ნაკადი ავტომატურად კონტროლდება და გარკვეული რაოდენობის ჩამოსხმის შემდეგ თავისითვე ჩერდება. მექანიკურის შემთხვევაში, თავად აკონტროლებთ, რა რაოდენობის წყლის მოთავსება გსურთ სასმელში.

შეჯამება

ერთი სიტყვით, ნამდვილად არ არსებობს უნივერსალური ყავის აპარატი, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს მოერგება. ნებისმიერი აპარატის შეძენამდე თქვენ უნდა განსაზღვროთ, თუ როგორი ინტენსივობის ყავის დალევა გსურთ, რამდენად გინდათ, რომ ჩართული იყოთ ყავის მზადების პროცესში, და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, დილის რუტინაში შემავალი პროცესების გამარტივება. საბოლოო არჩევანი კი მხოლოდ ამ გადაწყვეტილებების მიღეის შემდეგ უნდა გააკეთოთ.