ცნობილია, როდის ჩამოვა რუსთავის მერიის მიერ შეძენილი 20 ახალი ავტობუსი

2023-11-17 00:32:20

რუსთავის მერიის მიერ შესყიდული 20 ახალი ავტობუსი მგზავრებს დეკემბრიდან მოემსახურება.

მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ახალი ავტობუსები, რომლებიც თბილისი-რუსთავის მიმართულებით მგზავრებს მოემსახურება, ადგილზე ერთი თვის პერიოდში იქნება.

ამის შესახებ ლაცაბიძემ მედიათეკაში ახალგაზრდებისთვის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დროს განაცხადა.

"20 ავტობუსი უკვე ნაყიდი გვაქვს და ველოდებით უახლოესი პერიოდში, ვფიქრობ ერთი თვის განმავლობაში ეს ავტობუსები ადგილზე იქნება და შევძლებთ, იმ დიდი დატვირთვის ავტობუსების ჩანაცვლებას, რომლითაც თქვენც მგზავრობთ. ეს არის თბილისი-რუსთავი. თავიდან გაგვაკრიტიკეს, ეს რა გადაწყვეტილებააო. 5000 ადამიანი ყოველდღე სარგებლობს ამ ავტობუსით.

იმ თავითვე ვამბობდით, რომ ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც პრობლემას მოაგვარებს, ეს არის ფორსმაჟორში მიღებული გადაწყვეტილება და იქვე ვამბობდით, რომ ვაგრძელებთ მუშაობას, ახალი ავტობუსები ვიყიდოთ. როდესაც ინტერტრანსმა გააძვირა მგზავრობა, მეორე დღესვე მივიღეთ გადაწყვეტილება და დავნიშნეთ ეს ავტობუსები, შიდა რესურს მოვაკელით გარკვეული რაოდენობა. იმისთვის, რომ სტუდენტს მინიმალური შეღავათი ჰქონოდა 50 თეთრად დავნიშნეთ თბილისი-რუსთავზე. თუმცა ახლა მგონია, რომ სტუდენტებზე მეტად სხვა ადამიანები მგზავრობენ და იმიტომაა, რომ სტუდენტებს ადგილი არ გაქვთ, ვინც გვაკრიტიკებენ ისინიც მგზავრობენ. ვინც გვაკრიტიკებთ გაგვაკრიტიკეთ, თუმცა სტუდენტების რაღაცა ნაწილისთვის ეს მისაღებია და როცა არ იქნება მოვხსნით და რაღაცა სხვას მოვძებნით.

იმ დღიდან დავიწყეთ ფიქრი, რომ ახალი ავტობუსები გვჭირდებოდა, მთელი პროცედურები გავიარეთ, თანხა ვიშოვეთ და შევისყიდეთ 20 ახალი ავტობუსი, რომელსაც 6 თვიანი მოწოდების ვადა ჰქონდა, პრინციპში ეს მოწოდების პერიოდი გავიდა. ძალიან მალე გვეყოლება ავტობუსები, რომლითაც გავაუმჯობესებსთ თბილისი-რუსთავის მიმოსვლას",- განაცხადა ლაცაბიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს.