რუსთავის მერია GIZ-თან ერთად, მოსახლეობის ჩართულობით ახალ პროექტს ახორციელებს

2023-11-13 18:32:50

რუსთავის მერია GIZ-თან ერთად, მოსახლეობის ჩართულობით ახალ პროექტს ახორციელებს.

რუსთავის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) ფარგლებში, მოქალაქეთა მონაწილეობით, ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მოსახლეობის თხოვნით, რუსთავის მერია, მე-14 მიკრორაიონის N46-47-48 კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, ახალ რეკრეაციულ საზოგადოებრივ სივრცეს მოაწყობს.

"რუსთაველების ჩართულობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. სწორედ მოსახლეობის თხოვნით, 2024 წელს, მე-14 მიკრო რაიონის N46-47-48 კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, ახალი რეკრეაციული საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა.  მნიშვნელოვანია, რომ ამ სივრცის შექმნაში ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული. ეს კი ბიუჯეტის დაგეგმვაში და მის განკარგვაში, მოქალაქეების მონაწილეობის, კიდევ ერთი კარგი მაგალითი იქნება", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

650 კვ/მ ფართობის ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის, ორი სხვადასხვა პროექტია შექმნილი. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პროექტის ორივე ვერსია, უბნის მოსახლეობას ადგილზე გააცნო. შეხვედრას, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი და უბნის მაჟორიტარი გიგა ვეფხვაძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

აღნიშნული ორი პროექტიდან, 2024 წელს, რუსთავის ბიუჯეტიდან ის დაფინანსდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა მოიწონებს. მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციის დადგენა, ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით მოხდება. N46-47-48 კორპუსებში 780 ადამიანი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, პროექტში ცვლილება შეიტანოს და უბნის მოსახლეობასთან შეთანხმებული რეკომენდაციაც წარმოადგინოს.
დღესვე, ნინო ლაცაბიძე, მე-8 მიკრორაიონის #7 კორპუსის მოსახლეობასაც შეხვდა, სადაც უბნის მცხოვრებლების მიერ მოწყობილი პატარა რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა და მოსახლეობას 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებიც გააცნო.