რუსთაველი გოგონა, რომელიც ახალგაზრდა ევროპელ ელჩად აირჩიეს

2023-11-12 15:33:34

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი უნიჭიერესი და უპერსპექტიულესი მარიამ გელაშვილია. რუსთაველი გოგონა, რომელიც ახალგაზრდა ევროპელ ელჩად აირჩიეს.

ნათელი თაობა, ნათელი და იმედია მომავლისთვი - მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ ამ საღადმოაზროვნე, წარმატებულ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ყვლაფერს დანარჩენს, "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად მოუყვება.

"ყველა ახალგაზრდისთვის, რომელიც ცდილობს წარმატებული მომავლისათვის და პროფესიული განვითარებისათვის სწორი ნაბიჯები გადადგას, უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება გარდამტეხი პერიოდია. ასეა ჩემს შემთხვევაშიც.


პროფესია საკმაოდ ადრე, ჯერ კიდევ მე-9 კლასში ავირჩიე და დარწმუნებული ვიყავი, რომ საერთაშორისო ურთიერთობები გახდებოდა ის სფერო, რომელში მუშაობაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა. ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე, გარშემომყოფების საწინააღმდეგო აზრებისა და სურვილების მიუხედავად, წარმატებით დავასრულე მე-4 საჯარო სკოლა და ჩავაბარე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ევროატლანტიკური კონცენტრაციის მიმართულებით, კერძოდ კი ვსწავლობ ფრანგულ და ესპანურ ენოვან სამყაროს და თავად ენებს.

თუმცა, ჩემი განსაკუთრებული ინტერესი დიპლომატიის მიმართ თავისუფალმა უნივერსიტეტმა გაცილებით ადრე გააღვივა, როცა რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა ექსტრაკურიკულურ პროექტებში. ამ პროექტების ფარგლებში მივიღე გაეროს მოდელირებებში მონაწილეობის გამოცდილება, გარდა ამისა, ვეცნობოდი სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციის ოპერირების მექანიზმებს და მათი და საქართველოს ურთიერთობის ისტორიას.  


სულ ახლახანს კი ჩემი ევროპულ სამყაროსთან კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა, ახალგაზრდა ევროპელ ელჩად ჩემი არჩევის შემდეგ. ახალგაზრდა ევროპელი ელჩების გაერთიანება მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და ევროპის წევრ სახელმწიფოებში, რათა გაზარდოს კოოპერაციის ხარისხი ევროპულ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ჩემთვის დიდი პატივია ამ ორგანიზაციის ახალბედა წევრის სტატუსის ტარება, რადგან ევროპული ღირებულებების მნიშვნელობა ჩემთვის ძალიან დიდია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს აქვს შანსი  გახდეს ევროკავშირის წევრი და დაუბრუნდეს იმ ისტორიულ ოჯახს, რომელსაც სამწუხაროდ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ჩამოშორებულნი.

გარდა ჩემი აკადემიური საქმიანობისა, მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ პროექტებში, რაც მაძლევს საშუალებას პრაქტიკული მიმართულება მივცე თეორიულ ცოდნას. პარალელურად კი, უკვე მეორე წელია ვასწავლი ინგლისურ ენას და მათემატიკას რუსთაველ სკოლის მოსწავლეებს. არასდროს მეგონა, რომ მასწავლებლობა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და განსაკუთრებულად ბევრს ვსწავლობ თვითონ ბავშვებთან ურთიერთობით. ასევე დაინტერესებული ვარ კვლევითი საქმიანობით და უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულ ორგანიზაციასთან ერთად, ჩართული ვარ პოდკასტის მომზადებაში რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდს შეეხება.


სამომავლო გეგმები დიდია. უკვე ჩანაფიქრში მაქვს რამდენიმე პროექტი, რომელთა განხორციელებასაც, დიდი იმედი მაქვს, რუსთავში მოვახერხებ სხვა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების და ჩემი მეგობრების დახმარებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, წვლილი შევიტანო რუსთაველი ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებაში. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ვაპირებ, ჩემი საქმიანობის გაფართოებას და სასწავლო კურსების შექმნას სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც შეისწავლიან ინგლისურ ენას და მათემატიკას, რაშიც ჩემი წარმატებული უნივერსიტეტელების წვლილიც იქნება. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი, პროგრამა მინიმუმი ჩემი ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულია".