"ახალი სიმწვანე - ახალი თაობისგან"

2023-11-07 16:30:10

რუსთავის მერია ახალგაზრდების დასაქმების  პროგრამას - "ახალი სიმწვანე - ახალი თაობისგან" ახორციელებს

რუსთავის  მერიამ, ახალგაზრდების დასაქმების ახალი პროგრამის "ახალი სიმწვანე - ახალი თაობისგან" განხორციელება დაიწყო.
პროგრამა, რუსთავის მერიის "სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა" და "რუსთავსერვის ცენტრის" თანაორგანიზებით ხორციელდება. მასში ჩართული ახალგაზრდები, ერთი თვის განმავლობაში "რუსთავსერვის ცენტრში" დასაქმდებიან  და წინასწარ გაწერილი გრაფიკით, მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობასა და ახალი ნარგავების დარგვაში მიიღებენ მონაწილეობას.

"ახალი სიმწვანე - ახალი თაობისგან",  ეს არის პროგრამა, რომელიც ორმა სამსახურმა ერთობლივად შეიმუშავა. პროგრამის მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს მივცეთ  რუსთავში დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა, რადგან ეს არის ანაზღაურებადი პროგრამა. ასევე ჩვენი მიზანია, რომ უფრო მეტად ჩავრთოთ  ისინი ჩვენს ქალაქზე ზრუნვაში და მის გამწვანებაში", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ახალი პროგრამაში ჩართვა, 18-დან 29 წლამდე,  ყველა რუსთაველ ახალგაზრდას შეუძლია.

"ახალგაზრდები, პროგრამაში სპეციალური აპლიკაციის შევსებისა და შემდგომ გასაუბრების გზით ჩაერთნენ. აპლიკაცია, ჩვენი სამსახურის Facebook გვერდზე იყო განთავსებული და მისი შევსება ყველა მსურველს შეეძლო. ერთი თვის განმავლობაში ისინი დასაქმდებიან "რუსთავსერვის ცენტრში" და მიიღებენ შესაბამის გასამრჯელოს", - განაცხადა ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.