"ერთი ვინმე ყაფლანიშვილი" - სპექტაკლის პრემიერა რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე გუშინ შედგა.
"ჯაყოს ხიზნების" რეინკარნაცია - ასე შეიძლება დავახასიათოთ ყველაზე კარგად ახალი თეატრალური ნამუშევარი.
ნოდარ ყაფლანიშვილი და იორამ შათირიშვილი, - თანამედროვე ჯაყოსა და თეიმურაზის პროტოტიპები არიან. ყაფლანიშვილი ნებისმიერ ფასად ცდილობს მიისაკუთროს ყველაფერი, რაც მოესურვება. მისი მტაცებლური ხასიათი ვერ ეგუება დამარცხებას. ის ხელმოკლე, თუმცა მორალური თვისებებით აღჭურვილი იორამის დახმარებით, ცდილობს თავისი თავადური წარმომავლობის დადგენას.
გაიძვერა ყაფლანიშვილი კრიმინალური დამნაშავეა, რომელიც უკანონო გზით ცდილობს ქონების დაპატრონებას და ძალადობს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე. ვაჟა გიგაშვილმა რომანი - "ერთი ვინმე ყაფლანიშვილი" თავის დროზე კინოს გადაღების მიზნით დაწერა, თუმცა მისი სურვილი არ შესრულდა, რაც შეეხება თეატრალურ ვერსიას, რუსთავის თეატრი მას პირველად წარმოადგენს.
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, ვაჟა გიგაშვილის რომანის "ერთი ვინმე ყაფლანიშვილის" მიხედვით დადგმული სპექტკალის პრემიერას ხვალ, 5 ნოემბერსაც წარმოადგენს.
სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება.