,,ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“

2023-11-03 18:47:11

,,ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ - ჯაყოს ხიზნების რეინკარნაცია რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე!

 3 და 5 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, ვაჟა გიგაშვილის რომანის ,,ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ -ის მიხედვით დადგმული სპექტკალის პრემიერას წარმოადგენს.

პიესის მთავარი პერსონაჟი ნოდარ ყაფლანიშვილი, ახალი ქართველების ტიპური წარმომადგენელია, აგრესიული, დაუნდობელი, მაგრამ შინაგანად მშიშარა, რომელიც იწყებს ლიახვის ხეობაში არსებული წინაპართა საკუთრების დაბრუნებას;

,,ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ - „ჯაყოს ხიზნების“ ერთგვარი ინტერპრეტაციაა.  ნოდარ ყაფლანიშვილი და იორამ  შათირიშვილი, - თანამედროვე ჯაყოსა და თეიმურაზის პროტოტიპები არიან.

ყაფლანიშვილი  ნებისმიერ ფასად ცდილობს მიისაკუთროს ყველაფერი, რაც მოესურვება.  მისი მტაცებლური ხასიათი  ვერ ეგუება დამარცხებას.  ის,  ხელმოკლე,  თუმცა  მორალური  თვისებებით  აღჭურვილი  იორამის დახმარებით, ცდილობს  თავისი  თავადური  წარმომავლობის დადგენას. გაიძვერა ყაფლანიშვილი  კრიმინალური დამნაშავეა, რომელიც უკანონო გზით ცდილობს ქონების დაპატრონებას და ძალადობს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე.

ვაჟა გიგაშვილმა რომანი - ,,ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“  თავის დროზე კინოს გადაღების მიზნით დაწერა, თუმცა მისი სურვილი არ შესრულდა, რაც შეეხება თეატრალურ ვერსიას რუსთავის თეატრი მას პირველად წარმოადგენს.