GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ქალაქ რუსთავის მერს კომპანია “რუსთავის წყლის” ახალი დირექტორი წარუდგინა.
ქალაქ რუსთავის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, კომპანია ,,რუსთავის წყლის”, gwp-სა და ქალაქ რუსთავის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა, ნინო ლაცაბიძეს ,,რუსთავის წყლის" ახალი დირექტორი, მიგელ ანხელ მაზო ესტებანეზი წარუდგინა. მიგელ ანხელ მაზო ესპანელი ექსპერტია წყალმომარაგების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით. ის კომპანია “რუსთავის წყალს” უხელმძღვანელებს და ქალაქ რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იქნება პასუხისმგებელი.
სამუშაო შეხვედრაზე, ასევე დეტალურად განიხილეს რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მოგვიანებით, რუსთავის მერი და კომპანია gwp-ის წარმომადგენლები, ლომოურის ქუჩაზე მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, რომლის ფარგლებში 570 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი იცვლება.
“დღეს რუსთავის მერთან შეხვედრა ორ ძირითად საკითხს მოიცავდა, წარვადგინეთ წყალმომარაგების დარგის ექსპერტი ესპანეთიდან, მიგელ ანხელ მაზო ესტებანეზი, რომელიც კომპანია „რუსთავის წყალს“ უხელმძღვანელებს. შეხვედრის მეორე საკითხი ქალაქ რუსთავში დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტებია. ლომოურის ქუჩა, სადაც ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთი მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტია სადაც 570 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელს ვაახლებთ. მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები ქალაქ რუსთავის წყალმომარაგებას უახლოვეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”. - ხოსე მიგელ სანტოსი, GGU ჯუფის გენერალური დირექტორი.
როგორც GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა განაცხადა, დღეისთვის კომპანია რუსთავში 24 სარეაბილიტაციო პროექტზე მუშაობს და მათი მთავარი პრიორიტეტი ქალაქ რუსთავის მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაა.