სახელმწიფო სასწრაფო დახმარების 120 ახალ მანქანას ყიდულობს

2023-10-12 14:53:46

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, მიმდინარე წლის ნოემბრიდან 6 თვის განმავლობაში,  საქართველოში სასწრაფო დახმარების 120 მანქანა, მათ შორის 25 რეანიმობილი შემოვა.

ამის შესახებ კაკაურიძემ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

"აგვისტოს ბოლოს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 120 მანქანაა შესყიდული, მათ შორის 25 რეანიმობილი. ნოემბრიდან დაიწყება მოწოდება 6 თვის განმავლობაში და მომდევნო წლის გაზაფხულზე დასრულდება.

25 რეანიმობილიც, მათ შორის, ამ პერიოდში შემოვა და ნაწილით ძველი ინფრასტრუქტურა ჩანაცვლდება, დარჩენილი კი 8 ახალ ლოკაციაზე განთავსდება”, - ამბობს კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მუნიციპალიტეტებში სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მომავალ წელს საავადმყოფოების აღჭურვასა და რეანიმობილების შეძენისთვის, ჯამში, 90 მლნ ლარი დაიხარჯება.

"ყველა მუნიციპალურ ცენტრში უნდა იყოს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რეანიმობილი ყველა შემთხვევაში არ იყოს საჭირო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის საკითხს.

ერთი მხრივ ხდება სასწრაფო მანქანებისა და ავტომობილების შესყიდვა, მეორე მხრივ კი - იმ საავადმყოფოების აღჭურვა, რომლებიც კერძო საკუთრებაში არ არიან და სახელმწიფო მმართველობაშია. ამ კუთხით, მომავალ წელს ჯამში 90 მლნ ლარი გვაქვს გათვალისწინებული”, - ამბობს კაკაურიძე.