დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, 2 500 ლარამდე გაიზარდოს.
აღნიშნული ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.
მისივე განცხადებით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დემოგრაფია და კარგი იქნება, თუკი მთავრობა და პარლამენტი ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე და მათზე მიმართულია 7,8 მილიარდ ლარზე მეტი.
"ამ თანხიდან პრაქტიკულად 4 მლრდ ლარი მიემართება საპენსიო ანაზღაურებაზე. მისასალმებელია, რომ საპენსიო ანაზღაურება იმატებს როგორც ქალაქში მცხოვრებლებისთვის, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის. არ შეიძლება ხაზგასმით არ აღინიშნოს, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე. აღსანიშნავია, რომ გრძელდება სკოლების და ბაღების მშენებლობა, რისთვისაც საკმაოდ დიდი ასიგნებებია გამოყოფილი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში, ალბათ მეტი თანხები უნდა გავითვალისწინოთ თავდაცვისათვის,“ – განაცხადა ლომინაძემ.
მისივე შეფასებით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დემოგრაფია და კარგი იქნება, თუკი მთავრობა და პარლამენტი ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
"ამ ეტაპზე კი შემოვდივართ წინადადებით, რომ სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება 2500 ლარამდე გაიზარდოს, რომ ოჯახებს გარკვეული სტიმული მივცემთ,“ – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტის წევრებმა ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასეს, თუმცა გარკვეული წინადადებებიც გამოითქვა, მათ შორის, სკოლაში ბავშვთა კვების თაობაზე, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, დაავადებათა დიაგნოსტიკასა და პრევენციაზე, მედიკამენტების პროგრამის შესახებ და სხვა.