მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ

2023-09-30 13:40:20

მასწავლებლებს, საჯარო სკოლის პერსონალსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს 2024 წლიდან ხელფასები ეზრდებათ. აღნიშნულს გულისხმობს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის დაინიცირება უკვე მოხდა პარლამენტში.

ბიუჯეტის პროექტით, გათვალისწინებულია განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსების 470 მლნ ლარზე მეტით ზრდა, რომლის ფარგლებშიც:

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა. სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმაზე და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენამდე სამინისტრო დეტალურად გააცნობს მასწავლებლებს და საზოგადოებას აღნიშნული რეფორმის შედეგებს;

გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 350 მლნ ლარზე მეტი;

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225,0 მლნ ლარზე მეტი;

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.