საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტით პენსიების ზრდაა გათვალისწინებული, ასევე, გაგრძელდება ჯანდაცვის პერსონალის, ძალოვნებისა და სხვა საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია - დაგეგმილია ბაღის თანამშრომელთა ხელფასების მატებაც.
2024 წლის ბიუჯეტის განაწილების შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
უფრო კონკრეტულად, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2024 წლის ბიუჯეტით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი - ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.
"იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით. პენსიების ზრდა გვაქვს - 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი.
აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 და 125 ლარი. ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის რეალური შედეგი. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი.
რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5-6 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე 10%-ით. ძალოვნებისთვის მინდა ვთქვა, რომ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში: პოლიციაში, ჯარში და სპეცსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს ბოლო ორ წელიწადში გაეზარდათ 30%-ით ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, გავაგრძელებთ ჩვენი საჯარო მოხელეების წახალისებას და ხელფასების ზრდას“-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ბიუჯეტი ეზრდება შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროში, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები იქნება.
"განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები და მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოყოფილია 350 მლნ ლარი და მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მაღალი ტემპებით წავა. მისივე თქმით, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მლნ ლარი.
"მინდა აღვნიშნო, რომ ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც ნაერთი ბიუჯეტიდან მთლიან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი. აქედან, სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიემართება 1,7 მილიარდი ლარი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას მოხმარდება 1,2 მილიარდი ლარი. ასევე მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 1,9 მილიარდი ლარი, წყალმომარაგება-წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 700 მილიონი ლარი ჯამში დაიხარჯება მომავალ წელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ მომავალ წელს. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ამ მიზნით გათვალისწინებულია 300 მილიონი ლარის დახარჯვა 2024-ში. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, ასევე გარემოს დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 180 მილიონი ლარი გამოიყოფა. ჯამში, მე ვფიქრობ, ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოგვივიდა 2024 წლის. კიდევ ვიმეორებ, ეს არის პირველი ვარიანტი. ოქტომბერში ვიმუშავებთ აქტიურად სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან, ასევე პარლამენტთან ერთად გვექნება აქტიური განხილვა. მეორე ვარიანტს წარმოვადგენთ 5 ნოემბრამდე და შემდეგ, ნოემბერი დაგვრჩება, რომ ვიმუშაოთ მესამე ვარიანტზე პარლამენტთან ერთად",- განაცხადა ღარიბაშვილმა.