მთავრობის დადგენილებით, ბიზნესის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის სავაჭრო ობიექტები ვალდებულები ხდებიან მაღალი ხარისხის სათვალთვალო კამერები დაამონტაჟონ.
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება სავალდებულოა იმ შენობა-ნაგებობაზე, სადაც შემდეგი სახის საქმიანობები ხორციელდება: საბითუმო ვაჭრობა; საცალო ვაჭრობა; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა [სასტუმრო] და საკვებით და სასმელებით მომსახურება მათ შორის, რესტორნები, ბარები და ა.შ.
ვალდებულება ჩნდება მაშინ, როცა ამ ბიზნეს სუბიექტების დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა წინა წელს 500 ათას ლარს აღემატებოდა. თუმცა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება წლიური ბრუნვის მიუხედავად მოუწევთ აზარტული თამაშების მიმწოდებელ კომპანიებს, სიგარაბარებს, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებას, ბაზრობებს, სავაჭრო ცენტრებს, ასევე ავტოგასამართ სადგურებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებსა და სხვა.