საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს.
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ ის თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს.
"უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს.
ეს შესაძლებელია 3 ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ 2 თვის მანძილზე კიდევ გააჩნიათ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის 2 თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი.
ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც ჰქვია საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური მდგრადობა და საერთაშორისო რეპუტაცია ამ დარგში. არავის აქვს უფლება, რომ ვიწრო ინტერესების გამო ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამავე დროს, მინდა მივესალმო კერძო საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია და ეკონომიკური მდგრადობის ქვაკუთხედია - ეს ყველამ ვიცით. მთავარი პრინციპი, რომელსაც საქართველოს ბანკის საქმიანობა ეფუძნება, კი მისი დამოუკიდებლობაა - ესეც ყველამ ვიცით. ეს პრინციპი ამიტომაც დაცულია კონსტიტუციის 68-ე მუხლით. ამდენად ვთვლი, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, რომ ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა. სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი, ან ასეთივე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ეროვნული ბანკის მიმართ ამგვარ მუქარას და მისი დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას. ეს ერთდროულად მიმაჩნია მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირს საქციელად. ეს ასევე იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება საბჭოს ყველა წევრის ვიცე-პრეზიდენტების, როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით - არც კონსულტაცია ჩატარებულა, არც მათი წინასწარ ინფორმირება მომხდარა. ამას ადასტურებს გადადგომების მთელი რიგი, უკვე სამი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის ერთი მრჩეველი გადადგა. ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებული იქნა სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ. სწორედ იმათმა მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამან თავის გავლენა იქონია ასევ საზოგადოების განწყობებზე. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, ამ ყველაფერს არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად არსებობს რიგი ნაბიჯებისა, რაც გადადგმული უნდა იყოს ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.