აზერბაიჯანმა ყარაბაღზე შეტევა დაიწყო

2023-09-19 14:22:52

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო და ანტი-ტერორისტულ ოპერაციას ატარებს.

სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტეპანაკერტში, დე ფაქტო დედაქალაქში, აფეთქებების ხმაა, მოსახლეობა ევაკუაციისთვის სარდაფებში ჩავიდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა, და მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს.

"დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, - აცხადებენ უწყებაში.