დაკანონება თუ აღება? - როგორი მიდგომა აქვს რუსთავის მერიას ქალაქში არსებულ უკანონო შემოღობვებსა და ავტოფარეხებთან დაკავშირებით.
აღნიშნულ თემაზე ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ, ქაშაკაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის თემაზე მიმდინარე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ჩვენ მას ვკითხეთ, ხომ არ არის შესაძლებელი, ისევე, როგორც ამ ქუჩაზე, ქალაქის სხვა ლოკაციებზეც, უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების აღება მოხდეს.
ლაცაბიძის თქმით, მუნიციპალიტეტი ამის გაკეთებას მოქალაქეების ნებაყოფლობის გარეშე არ აპირებს.
"პოლიტიკურადაც ეს სენსიტიური ამბავია, მათ შორის არჩევნებზეც ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ხოლმე ამ თემას. მიდგომა მუნიციპალიტეტის და ჩვენი გუნდის არის ის, რომ ძალადობრივად არ გვინდა სადმე მივიჭრათ და რამე დავანგრიოთ. არავინ არ ანგრევს, თუმცა თუ დასაკანონებელია, არც დაკანონების მიმართულებით მივდივართ, რომ შემდგომ უფრო მეტ პრობლემას არ შევხვდეთ. განსაკუთრებით მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ამ ქუჩაზე ცხოვრობს და ძალიან შეგნებულად, ადამიანურად მიუდგნენ ჩვენს თხოვნას. ეს არ იყო მოთხოვნა, ეს იყო თხოვნა, მხოლოდდამხოლოდ იმისთვის, რომ ისევ მათი გარემო ყოფილიყო კეთილმოწყობილი, ისევ მათ შვილებს ევლოთ უსაფრთხოდ და გვქონოდა შესაძლებლობა, მოგვეწყო ის სილამაზე, რაც ამ პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალით არავის არაფერს არ ვაღებინებთ და არც ვაშლევინებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს თანამშრომლობა მერიასა და მოქალაქეებს შორის. მნიშვნელოვანია ის თვითშეგნება, რომელიც სამოქალაქო კუთხით, აქ მაცხოვრებმა ადამიანებმა გამოიჩინეს.
თუ ადამიანი უვლის, წინ მწვანე რეკრეაციული სივრცე აქვს მოწყობილი და არ ამახინჯებს იერსახეს, არ არის ნაგავსაყრელად გადაქცეული, ეს მისასალმებელია და არაფერი ცუდი ამაში არ არის. თუ საგზაო კუთხითაც და საფეხმავლო ბილიკის ნაწილშიც პრობლემას არ ქმნის, პირიქით, მივესალმებით ქალაქში დამატებითი გამწვანების განათავსებას.
ვფიქრობ, ასეთ მაგალითებს რომ ნახავენ, ამ ქუჩაზე ერთხელ მაინც გამოივლიან და შეხედავენ, რამდენად დახვეწილი, უსაფრთხო და ლამაზი გამოვიდა, ეს იქნება კიდევ უფრო მეტი მოტივაციის მიმცემი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უბრალოდ შემოღობილი აქვს ტერიტორია და ამბობს, რომ როცა იქნება დავიკანონებ, ან ჯიხურს ჩავდგამ, ეს არ მოხდება მანამ, სანამ მე და ჩემი გუნდი აქ ვსაქმიანობთ. ჩვენი სურვილია, ასეთი მაგალითებით ვაჩვენოთ, რომ ქალაქი სწორედ ამ გზით ვითარდება და არა ჯიხურებით, შემოღობვებით, ავტოფარეხებით, მიწის მიტაცებებით და ასე შემდეგ", - განაცხადა ლაცაბიძემ.